LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მილიონერი ყველა პარტიას – პარლამენტში 41 მილიონერია

353

მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, მინისტრთა კაბინეტში კი, დეკლარაციების მიხედვით, 6 მილიონერი მინისტრია, ერთი მილიონერი კი პარლამენტში შემავალ ყველა პარტიას ჰყავს – ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრმა “მედიატორმა” და პოლიტიკურმა პარტიამ „ახალი საქართველო“ დღეს კვლევა წარადგინეს.

მედიატორის წარმომადგენლის, სოფო მუზაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 35%, ანუ, ყოველი მესამე დეკლარირებული მილიონერია. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

1. „ბანკი ქართუს“ სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი და ბიზნესმენი  შოთა შალელაშვილი – 34. 907.760 ლარი

2. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე – 13 მლ. ლარი

3. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია – 12.414.270 ლარი

4. პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი -10 მილ. ლარი

5. ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი – 7.672.000 ლარი

 

რაც შეეხება მოქმედი მთავრობის მინისტრებს:

კახა კალაძე – 36.604.500 ლარი

ტარიელ ხეჩიკაშვილი – 11.253.000 ლარი

ქეთევან ციხელაშვილი – 9.748.000 ლარი

გიორგი გახარია – 5.019.000 ლარი

ზურაბ ალავიძე – 2.442.000 ლარი

დიმიტრი ქუმსიშვილი – 1.965.000 ლარი.

 

 

კვლევაში მოხვდნენ დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდანაც. „პატრიოტთა ალიანსის “ დეპუტატი ნატო ჩხეიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები სერგო რატიანი ასევე, აკაკი ბობოხიძე დეკლარირებული მილიონერები არიან:

ნატო ჩხეიძე – 51.039.798 ლარი

კობა ნაყოფია – 8.033.500 ლარი

სერგო რატიანი – 1.560.900 ლარი

აკაკი ბობოხიძე – 1.219.450 ლარი.

 

დარღვევები დეკლარაციებში

 

როგორც “ფორტუნასთან” “ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, კვლევა 31 დეკემბერს დაიწყო და თითქმის 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

“კვლევის მიზანი იყო გვენახა, რამდენად გამჭვირვალე იყო დეკლარაციები, რომლებიც თანამდებობის პირებმა შეავსეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რითი არიან დაკავებულები და რა ქონებას ფლობენ ისინი, ვინც პარლამენტში საქმიანობას უნდა ეწეოდნენ. აღმოჩნდა, რომ მმართველ პარტიაში ყოველი მესამე მილიონერია. ისინი არ არიან ძალიან ცნობადი სახეები, ასე რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის უმრავლესობაში არიან ოლიგარქები”, – განაცხადა  ლევან ხაბეიშვილმა.

დეკლარაციების შემოწმების პროცესში, მისი თქმით ბევრი დარღვევა და უზუსტობა გამოვლინდა.  ხაბეიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ამ მილიონერთა სიას, კიდევ ბევრი სახელი და გვარი აკლდეს, ან თუნდაც ის, რომ აღნიშნული პირები, რეალურად ბევრად მეტ ქონებას ფლობდნენ.

“გიგა ბოკერიას სახით გვაქვს კონკრეტული მაგალითი, რომელიც ამბობს, რომ მას მხოლოდ ავტომობილი ჰყავს. დეკლარაციაში ირკვევა, რომ ის სახლში საერთოდ არ ცხოვრობს, იმიტომ რომ თუ ქირით არის ან იჯარით აქვს შენობა აღებული, დეკლარაციაში უნდა იყოს მითითებული, იმ შემთხვევაში თუ ის მშობლების სახლში ცხოვრობს, მაშინ ისინი აუცილებლად უნდა ჰყავდეს დეკლარაციაში შეყვანილი. გამჭვირვალობის მიხედვით,
როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას დარღვევები აქვს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მისი თქმით, ასეთ დარღვევებზე არაერთი კვლევა ჩატარებულა, თუმცა შესაბამისი სანქციები (თანამდებობიდან ჩამოშორება ან რაიმე სხვა) ჯერჯერობით არავისზე გატარებულა.

 

მონიტორინგი მკაცრდება

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება. ამის შესახებ 14 თებერვლით დათარიღებულ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.

 

დარღვევების აღმოჩენისას თანამდებობის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 200 საათამდე. გარდა ამისა, კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

 

 

თამთა უთურგაშვილი