LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 თვეში უვიზოდ ევროპაში საქართველოს 11 700 მოქალაქე ჩავიდა, უკან 26 გამოაბრუნეს

90

პირველ ერთ თვეში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა, უკან კი მხოლოდ 26 მოქალაქე გამოაბრუნეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

„27 აპრილის მონაცემებით, შენგენის ზონაში, რომელიც 30 ქვეყანას მოიცავს, უვიზოდ საზღვარი საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ იყო შიშები, ბევრი იქნებოდა ისეთი მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც საზღვრიდან მოაბრუნებდნენ, ეს შიშები არ გამართლდა – სულ გვაქვს 26 ასეთი შემთხვევა და სასიხარულოა ის, რომ ეს შემთხვევები უკავშირდება ობიექტურ გარემოებებს ანუ არასაკმარის დოკუმენტაციას და არა სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ადგილზე მყოფი მესაზღვრე“, – განაცხადა ხულორდავამ.

მისივე შეფასებით, პირველი ერთი თვის მაჩვენებლები „ნამდვილად კარგია“.

„მე ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა საზოგადოების ინფორმირებისთვის, რომ კარგად იცოდნენ, რას გულისხმობს უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი, რა უფლებას აძლევს მათ ეს შეღავათი და რა დოკუმენტაციის ქონაა საჭირო. რაც შეეხება იმას, რამდენად ვასრულებთ რეჟიმის პირობებს, ჯერ ამის თქმა შეუძლებელია – იცით, რომ ეს არის 3-თვიანი ხანმოკლე ვიზიტის პერიოდი და ჯერ გასულია მხოლოდ 1 თვე. შესაბამისად, 90 დღის გასვლის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად დაიცვეს ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მოთხოვნა“, – განმარტა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები