LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-20 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

166

10-20 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ლეგენდარულ შემსრულებლებს უმასპინძლებს – მომღერალი პატი ოსტინი, ჯაზპიანისტი და კომპოზიტორი ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო, ინოვაციური ვოკალური ჯგუფი შვედეთიდან THE REAL GROUP და ქართული ეთნო-ჯაზ ანსამბლი „ირიაო“, მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან.

ამ თემასთან დაკავშირებით 3 მაისს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ჯანსუღ კახიძის თბილისის  მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე გაუძღვნენ. ღონისძიებას მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

10 მაისს, 20:00 საათზე, ცნობილი ქართული ეთნო-ჯაზ ანსამბლი „ირიაო“ ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალს ახალი პროექტით გახსნის. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით და მომღერალი სოფო გელოვანი.

13 მაისს, 20:00 საათზე, ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში მსმენელის წინაშე ლეგენდარული ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო წარდგება. საკონცერტო პროგრამა წარმოდგენილი იქნება თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მაესტრო – ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ტრიოს წევრები არიან: ბობ ჯეიმსი – (კლავიში) ნიკოლა ანგელუჩი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და იური გოლუბევი (კონტრაბასი).

17 მაისს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს სახელგანთქმულ ინოვაციურ ვოკალურ ჯგუფ შვედეთიდან – THE REAL GROUP. ჯგუფის წევრები არიან: ემა ნილსდოტერი, ლიზა ოსტერგრენი, ანდერს ედენტოთი, მორტენ ვინთერი, იანის სტრაზდნისი.

20 მაისს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გრემის ჯილდოს მფლობელი ლეგენდარული მომღერლის პატი ოსტინის კონცერტით დაიხურება. კონცერტს, რომელიც თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩატარდება, მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

ჯ.კახიძის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დაფუძნდა 2015 წელს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პირველი ფესტივალი მიეძღვნა დიდი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილო თარიღს.

ფესტივალი მიზნად ისახავს ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით ურთიერთობას თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და ასევე, იმ უცხოური თუ ქართული, პოპულარული ნაწარმოებების წარდგენას, რომელთაც წლების განმავლობაში მოიპოვეს მაყურებლის აღიარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები