LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ბრწყინვალე იდეა ივლისის შვებულებისთვის

316

რა თქმა უნდა, ზაფხულის მთავარი საზრუნავი – სასიამოვნოდ დასვენებაა, ამიტომ  გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, დაუვიწყარი შვებულების მოსაწყობად.

მარმარისი, თურქეთი – თუ მართლა გიყვართ მზე და სიცხე, თურქეთში გაემგზავრეთ, სადაც ივლისი ყველაზე ცხელ თვედ ითვლება. მართალია, ქვეყანას უამრავი ბრწყინვალე კურორტის შემოთავაზება შეუძლია, მაგრამ საუკეთესო მათ შორის მაინც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვას შორის მოქცეული, საპორტო ქალაქი მარმარისია, სადაც ადგილობრივები არაჩვეულებრივი ბუნებით, უამრავი უძველესი ღირსშესანიშნაობით და ცნობილი აკვაპარკით, აღმოსავლური სტუმართმოყვარეობითა და მისაღები ფასებით გაგახარებენ.

ტენერიფე, ესპანეთი – კანარის არქიპელაგის ყველაზე მსხვილ კუნძულს, ხშირად მარადიული გაზაფხულის კუნძულსაც უწოდებენ, რადგან აქ ყოველთვის ზომიერი კლიმატია და გამონაკლისი არც ივლისის თვეა. ტენერიფეს მთავარ ღირსებად მისი ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტი ითვლება, ღირსშესანიშნაობათა შორის კი უზარმაზარი ბოტანიკური ბაღი “ლორო-პარკი” მოხვდა თავისი ეკზოტიკური მცენარეებითა და ცხოველებით.

მაე, სეიშელის კუნძულები – დაუვიწყარ შვებულებას მაეზე სწორედ ივლისის თვეში მოიწყობთ, როცა სეიშელის კუნძულებზე ყველაზე სასიამოვნო კლიმატია და არც წვიმა შეგაწუხებთ, არც განსაკუთრებული სიცხე. მაეს ყველაზე პოპულარული გასართობი – დაივინგია, თუმცა თქვენ წყლის თხილამურები შეგიძლიათ მოსინჯოთ ან ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე გაშენებულ კომფოტულ პლაჟზე ინებივროთ.

ნადი, ფიჯი – ივლისის თვეში ფიჯის კუნძულებზე მშრალი სეზონია, წყნარი ოკეანე კი, კრისტალურად სუფთაა, რაც იდეალურ პირობებს უქმნის დაივინგის მოყვარულებს მარჯნის რიფების დასათვარიელებლად და მრავალფეროვანი წყალქვეშა სამყაროს შესასწავლად. სხვათაშორის, თავისი ინფრასტრუქტურით, მდიდრული სასტუმროებითა და მაღალი დონის მომსახურებით, ნადი ერთ-ერთ ყველაზე კარგად განვითარებულ ტურისტულ ცენტრად ითვლება.

ნაქსოსი, საბერძნეთი – მითის თანახმად, სწორედ საბერძნეთის ყველაზე “მწვანე” კუნძულზე დაიბადა ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთი დიონისე. ტურისტებს აქ ეგეოსის ზღვა და ქვიშის პლაჟები, ბალახში ჩაძირული მთები და მინდვრები ელით. ყველაზე მეტად ნაქსოსი მშვიდი დასვენების მოყვარულებს მოეწონებათ – მათ, ვისაც ანტიკური არქიტექტურის შესწავლა, ცხენით სეირობა ან მყუდრო სასტუმროში სურს დაბინავება.

მადრიდი, ესპანეთი -12-14 ივლისს მადრიდში როკ-, პოპ- და ალტერნატიული მუსიკის ევროპული ფესტივალი ეწყობა, სტუმრებს შორის Pearl Jam, Kasabian, Arctic Monkeys, Jack White, Depeche Mode  და Queens of the Stone Age იქნებიან, ბილეთი კი, 85 ევრო ეღირება.

ვაშინგტონი, აშშ – 4 ივლისს ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ და მთავარ ნაციონალურ დღესასწაულსაც მთელ ქვეყანაში პიკნიკებით და ბაზრობებით, მრავალფეროვანი კონცერტებითა და წარმოდგენებით აღინიშნავენ. თუმცა, მთავარი ღონისძიება მაინც ვაშინგტონში ეწყობა, სადაც გრანდიოზული აღლუმი ფეირვერკების შოუთი სრულდება.

ნოვი-სადი, სერბეთი – 12-15 ივლისს სერბეთში ფესტივალი Exit გაიმართება, რომელიც ყოველ წელს 150 000-მდე მელომანს მასპინძლობს და სხვადასხვა ჟანრის მუსიკას სთავაზობს. წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ფესტივალს David Guetta, Sevdaliza, Nina Kraviz და Solomun ესტუმრებიან. დასკვნითი საღამო დუნაის სანაპიროზე, პეტროვარადინსკის ციხე-სიმგრეში გაიმართება, ბილეთის ფასი კი, 114 ევრო იქნება.

პარიზი, საფრანგეთი – 14 ივლისი საფრანგეთში ბასტილიის აღების და 1789 წლის დიდი ფრანგული რევოლუციის დაწყების დღედ ითვლება. ფრანგები ყოველთვის განსაკუთრებული პომპეზურობით აღნიშნავენ დღესასწაულს, რომელსაც ელისეის მინდვრებზე აღლუმით იწყებენ და ათასობით ფეიერვერკით ასრულებენ.

სპლიტი, ხორვატია – კიდევ ერთი მუსიკალური ფესტივალი Ultra Europe იმართება 6-8 ივლისს ქალაქ  სპლიტში. კონცერტები Afrojack-ის Armin Van Buren-ის, David Guetta-სა და ელექტრონული მუსიკის სხვა ვარსკვლავების მონაწილეობით “პოლუდის” სტადიონზე მოეწყობა, საშვი სამდღიან ფესტივალზე კი, 175 ევრო ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები