LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი ჟურნალისტებზე, რომელთა საქმიანობაც შეუფასებელია

ყურადღების ცენტრში / Spotlight

ტომ მაკარტის „ოსკარის“ მფლობელი კინოსურათი, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. კინოსურათი კათოლიკურ ეკლესიაში მიმდინარე სექსუალურ სკანდალს ეხება, რომელსაც გამოცემა  The Boston Globe-ის ჟურნალისტები იძიებენ. ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში 290 სასულიერო პირი იყო ჩართული, ხოლო კარდინალი ბერნარდ ლოუ ხელს აფარებდა ამ დანაშაულს. კინოსურათში ჟურნალისტებს მაიკლ კიტონი, რეიჩელ მაქადამსი და მარკ რუფალო განასახიერებენ. საერთო ჯამში ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის 6 ნომინაცია მიიღო.

პრეზიდენტის მთელი გარემოცვა / All the president’s men

ფილმი დაფუძნებულია ბობ ვუდვარდისა და კარლ ბერსტაინის ამავე სახელწოდების წიგნზე, რომლებიც 1973 წელს უოტერგეიტის სკანდალს იძიებდნენ. ფილმმა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტების საქმიანობაზე, რომელთა გამოძიებამ პრეზიდენტი ნიქსონი გადადგომამდე მიიყვანა,  ოთხი „ოსკარი“ მიიღო. კინოსურათში ჟურნალისტებს დასტინ ჰოფმანი და რობერტ რედფორდი განასახიერებენ.

გულთან ახლოს / Up Close & Personal 

ჯონ ავნეტის რომანტიკული დრამა, რომელიც ახალბედა და უკვე გამოცდილი ჟურნალისტების საქმიან და პირად ურთიერთობაზე გვიყვება. რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ჟურნალისტებს იმისთვის, რომ რეალური ისტორია მაყურებლამდე მიიტანონ. ჟურნალისტების როლს ფილმში რობერტ რედფორდი და მიშელ ფაიფერი ასრულებენ.

 დილა მშვიდობისა / Morning glory

ფილმი ახალგაზრდა ჟურნალისტის თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე გვიყვება. ერთ მშვენიერ დღეს  მას სამსახურიდან ითხოვენ და ახალგაზრდა გოგონა მუშაობას დაბალრეიტინგულ დილის გადაცემაში იწყებს. რეიჩელ მაქადამსის გმირის ამოცანაა ახალი სატელევიზიო შოუ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად აქციოს და ამისთვის ის ლეგენდარულ ტელეწამყვანს ეპატიჟება. კინოსურათში მთავარ როლებს დაიან კიტონი, რეიჩელ მაქადამსი და ჰარისონ ფორდი ასრულებენ. 

 

ზოდიაქი / Zodiac

დევიდ ფინჩერის დეტექტიური ჟანრის ფილმი, რომელიც რეალურ მოვლენებზეა გადაღებული. ფილმი დაფუძნებულია რობერტ გრეისმიტის ამავე სახელწოდების წიგნზე და გასული საუკუნის ყველაზე სასტიკი დამნაშვის შესახებ გვიყვება. სან-ფრანცისკოში მომხდარი ამ სერიული მკვლელობების სერიას ჟურნალისტი და პოლიციის ოფიცერი იძიებენ. ფილმი კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მონაწილეობდა.

 

ტელექსელი / Netword

ეს ფილმი ისტორიაში შევიდა როგორც თანამედროვე ტელევიზიის მთავარი სატირა. სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტ ჰოვარდ ბილს გადაცემის დაბალი რეიტინგის გამო სამსახურიდან ითხოვენ. თავის მხრივ მთავარი გმირი აცხადებს, რომ ერთ კვირაში პირდაპირ ეთერში სიცოცლხეს თვითმკვლელობით დაასრულებს. ამ სკანდალური განცხადების შემდეგ გადაცემის რეიტინგი საოცრად იზრდება. ფილმმა 4 „ოსკარი“ მიიღო, მათ შორის საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის. ფილმში ჟურნალისტების როლებს პიტერ ფინჩი, ფეი დანაუეი და ბეატრის სტრეიტი ასრულებენ.

 

ძილინებისა და წარმატებას გისურვებ / Good Night, and Good Luck

ფილმი მოგვითხრობს რეალური კონფლიქტის შესახებ, რომელიც ტელეჟურნალისტ ედვარდ მოროუს და სენატორ ჯოზეფ მაკარტის შორის მოხდა. მორროუ საკუთარ გუნდთან ერთად ცდილობს მაყურებელს მოუყვეს სიმართლე სენატორის საქმიანობაზე. თავის მხრივ კი მაკარტი ცნობილ ჟურნალისტს კომუნისტური იდეოლოგიის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ფილმის რეჟისორი ჯორჯ კლუნია და ის „ოსკარის“ 6 ნომიანიაციაზე იყო წარდგენილი.

ღამის ქვეწარმავალი / Nightcrawler

ფილმი ჟურნალისტ ლუის ბლუმის ისტორიას გვიყვება, რომელიც ღამის ლოს-ანჯელესში კრიმინალურ შემთხვევებს ვიდეოზე იღებს. რეპორტიორის როლს ფილმში ჯეიკ გილენჰალი ასრულებს, რომელსაც კინოფილმმა რამდენიმე სერიოზული პრიზი მოუტანა. თავად ფილმი კი „ოსკარზე“ საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის იყო წარდგენილი.

სიკვდილის ველები / The killing fields

ფილმი 1973 წელს კამბოჯაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ისტორიას გვიყვება, რომლის ცენტრშიც New York Times-ის ჟურნალისტი სიდნეი შენბერგი და კამბოჯელი რეპორტიორი დიტ პრანი აღმოჩნდებიან. ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და მასში მთავარ როლს სემ უოტერსონი ასრულებს.

სიცოცხლისთვის სახიფათო წელი / The Year of Living Dangerously

ფილმი ავსტრალიური რადიოსადგურის ჟურნალისტის, გეი ჰამილტონის ამბავს გვიყვება, რომელიც ინდონეზიაში მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად მიემგზავრება. სამოქალაქო ომის პერიოდში ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს. ფილმში მთავარ როლს მელ გიბსონი ასრულებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები