LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი – მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფცია წარადგინა

82

საქართველოს ახალმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის პირველი სხდომის დაწყებამდე მცირე მთავრობის კონცეფცია წარადგინა. მისი თქმით, ახალი სტრუქტურით 14-დან დარჩება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ბახტაძის ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის უწყება კი იუსტიციის სამინისტროს.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ის უქმდება, მისი ფუნქციები კი, სამ სხვადასხვა უწყებაზე – ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, შსს-ა და ჯანდაცვის სამინისტროზე გადანაწილდება.

პრემიერის თქმით, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის საკითხები კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

„შემცირდება სამთვრობო ხარჯები და ჩამოვა 3.9%- ზე. ბიუროკრტიაზე დაზოგილი თანხები ისევ საზოგადოებას მოხმარდება. მთავრობა დღესვე მიმართავს საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს,“ – აღნიშნა ბახტაძემ.

ასევე პრემიერმინისტრის განმარტებით, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი რეალობას არ შეესაბამება.

„სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი, რაც ვიხილეთ მასმედიაში, ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ არავითარი ახალი ინსტიტუტის დანერგვას ამ მიმართლებით არ ვაპირებთ. იქნებიან მინისტრის მოადგილეები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი შესაბამისი დარგების განვითარებაზე,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.