LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ახალშობილს: ”ნაციონალური მოძრაობის” მზადება მერის არჩევნებისთვის

98

თბილისის ახალ მერს რამდენიმე თვეში ავირჩევთ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე დედაქალაქსა და რეგიონებში 5 თვეზე ნაკლები რჩება.

 

ვინ იბრძოლებს დედაქალაქის მერობისთვის?

 

ამ კითხვით ”ფორტუნამ” დღეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას მიმართა.

ბატონო ნიკა, პირველ რიგში გკითხავთ, ვინ იქნება ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი?  შეიძლება ეს თქვენც იყოთ?

განახლებული ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი საზოგადოებისთვის ორ-სამ კვირაში, ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი. შესაძლებელია, ეს ვიყო მე ან არ ვიყო. ჩვენ წარვსდგებით განახლებული გუნდითა და საარჩევნო პროგრამით, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას. გვინდა, რომ ჩვენი მხარდამჭერი  გახდეს ყველა, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა.

რა პრინციპით აირჩევთ თბილისის მერობის კანდიდატს?

ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ექნება კომპეტენცია, კვალიფიკაცია, ენთუზიაზმი და მოტივაცია, თბილისში ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალოს. უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც იტყვის, რომ არის არა ერთი ან ორი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების კანდიდატი, არამედ ყველასთვის სასურველი.

საკრებულოს თავმჯდომარედ ვინ გყავთ შერჩეული? 

საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, ყველასთვის კარგად ნაცნობი ადამიანი, თუმცა სახელს და გვარს ჯერ ვერ გეტყვით.

რა სჭირდება დღეს თბილისს?

თბილისს სჭირდება საქმე ოცნების ნაცვლად. პირველ რიგში, თბილისს სჭირდება ცოდნა, კომპეტენცია და მოტივაცია. 1. ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ  ისტორიულ უბნებში აღარ აშენდეს მრავალსართულიანი შენობები და ეს საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს. ჩვენი მოსაზრებაა, რომ 4 სართულზე მაღალი შენობა არ იყოს ძველ თბილისში. 2. დედაქალაქის ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარი შეიკვეცოს, რომელიც იხარჯება 2500 თანამშრომლით მეტზე, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. 3. დაზოგილი ფული მოხმარდეს სოციალურ პროექტებს. მათ შორის, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებში ყოველ ახალშობილს გადაეცეს ერთჯერადად ათასლარიანი ვაუჩერი. ამის გაკეთება მარტივია, სჭირდება პოლიტიკური ნება.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერის მთავარი მესიჯები კიდევ რა იქნება?

ეს იქნება ბაღის ვაუჩერები. დღეს თუ მშობელს სურს ბავშვი უფასოდ მიიყვანოს ბაღში, მაშინ მუნიციპალურ ბაღში უნდა მიიყვანოს. ჩვენი პოზიციაა, რომ მერიამ გასცეს ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც მშობელს ექნება საშუალება აირჩიოს მუნიციპალური ბაღი სურს თუ კერძო.

როგორ ფიქრობთ, ვინ სურს თბილისს მერად?

თბილისს სურს წრფელი, არაყალბი ადამიანი, ვისაც უნარი შესწევს  იყოს თბილისელების პარტნიორი და არა მხოლოდ პატრონი.

სამი ძირითადი მიზეზი რის გამოც მოქალაქეებმა სწორედ თქვენს კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი?

დღეს თბილისში სიახლის დეფიციტია. მოთხოვნა არის სიახლეში. საზოგადოება ითხოვს არათუ ახალ ადამიანებს, არამედ ახალ მიდგომებსაც. ნდობა დაკარგა თბილისელების უმრავლეობამ პოლიტიკური პარტიების მიმართ და ეს ნდობა არის აღსადგენი.

ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?

არ დავიწყებ ბანალურ საუბარს. რა თქმა უნდა, ”ქართული ოცნება” და ივანიშვილის გუნდი.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდებით თბილისის მერობის კანდიდატი და არჩევნებში გაიმარჯვებთ, პირველი რას გააკეთებთ?

აუცილებლად დავტოვებ ყველა თანამდებობას პარტიაში. მიმაჩნია, რომ ორ ფრონტზე ბრძოლა არაა სწორი. ასევე, მნიშვნელოვანია თბილისელებს ჰქონდეთ განცდა, რომ მე ვარ მათიც, ”ლეიბორისტებისაც”, ”ქართული ოცნებისაც” და ”ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მერი.

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები