LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 მაისს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CINEDOC იწყება

59

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi უკვე ხუთი წლისაა. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად კინოფესტივალის მხარდამჭერია.

ფესტივალი ერთადერთია კავკასიაში.

მისი მთავარი მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

გასულ წლებთან შედარებით, წელს მაყურებელს გაცილებით მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიება ელოდება. ფესტივალი 11 მაისს საზეიმოდ გაიხსნება და 16 მაისს, დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.

CinéDOC-Tbilisi-ს ერთ-ერთი მხარდამჭერია “შემოქმედებითი ევროპა”, რომელიც ფესტივალს უკვე მეორე წელია გვერდში აქტიურად უდგას.

ფესტივალისთვის შერჩეული 67 ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, გადანაწილებულია ხუთი ძირითადი თემატიკის მიხედვით: სოლიდარობა, უსაფრთხოება, ვნება (სიყვარული), ფანტაზია და რწმენა.

„ბედნიერი” – ეს არის გერმანელი რეჟისორის, კაროლინ გენრეიტის ფილმი, რომელიც ფესტივალის საზეიმო გახნის ცერემონიალისთვის შევარჩიეთ და მოგვითხრობს 60 წლის კაცის ცხოვრებაზე. ის თავისი წილი ბედნიერების საძიებლად შორეულ ტაილანდში გაემგზავრება და მართლაც, იპოვნის ქალს, რომელიც მისი ცხოვრების სიყვარული გახდება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო სექციები.

საერთაშორისო საკონკურსო სექციაში შერჩეულ ცხრა უცხოურ ფილმს შორის, წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი „გოგიტას ახალი ცხოვრება”.

Focus Caucasus საკონკურსო სექციაში ნაჩვენებ 7 უცხოურ ფილმს, რომლებიც წარმოდგენილია სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან, კონკურენციას ქართველი რეჟისორის შორენა თევზაძის ფილმი- „დიდუბე, ბოლო გაჩერება” გაუწევს.

წლევანდელი სექციების საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებში ექვს ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები. ლევან კოღუაშვილთან და შორენა თევზაძესთან ერთად, რომელთა ფილმებიც საკონკურსო სექციაშია, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მარიამ ჭაჭიას ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს”, ალექსანდრე კვატაშიძის „ჩეჩნეთის გზაჯვარედინი”, ბესო გვენეტაძის „პატაგონია ავტოსტოპით” და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის „Life is Be”.

სექციაში CivilDOC წარმოდგენილი იქნება 11 ფილმი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური პრობლემების გამოწვევებს ასახავს.

CinéDOC Young-ი უნიკალური სექციაა, რომელიც ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის არის განკუთვნილი. მასში წარმოდგენილია 15 ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გარდა ამისა, CinéDOC Young-ი მოზარდებს სთავაზობს ჩაერთონ კონკურსში და გამოსცადონ საკუთარი უნარები: აიღონ კამერა და გადაიღონ მოკლემეტრაჟიანი, 3-5 წთ-მდე ფილმი, დაწერონ მოთხრობა ან ესსე, გადაიღონ ფოტო/ვიდეო, დახატონ ნახატი თემაზე „მიგრაცია”…

გამარჯვებულები ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, 16 მაისს დაჯილდოვდებიან.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება CivilPitch, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები რეჟისორებსა და პროდიუსერებს წარუდგენენ საკუთარ პროექტებს, რის შემდეგაც საშუალება მიეცემათ იმუშაონ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად და თავისი სამუშაო თემები ფართო აუდიტორიისთვის ცნობადი გახადონ.

წელს სტუმარი ქვეყანა ლიტვა იქნება, სპეციალურად ჩვენი ფესტივალისთვის ველოდებით ლიტვის ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, როლანდას კვიეტკაუსკასს, რომელიც საქართველოში დელეგაციასთან (რეჟისორებთან და პროტაგონისტებთან) ერთად ჩამოვა.

სპეციალური სტუმარი წელს ფესტივალზე ფინელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, პირიო ჰონკასალო იქნება, რომელიც მაყურებელს წარუდგენს თავის სამ ფილმს: „ტანიუშკა და 7 ეშმაკი”, „მელანქოლიის სამი ოთახი”, „ქალაქელი მღვდლის დღიური” და ასევე ჩაატარებს მასტერკლასს.

Special Screening-ის კატეგორიაში ვაჩვენებთ ოსკარის მფლობელ დოკუმენტურ ფილმს „ჰარლანის ოლქს”. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ამ ფილმის მონტაჟის რეჟისორი, მერი ლემფსონი ეწვევა. „ჰარლანის ოლქი” შრომითი უფლებების შესახებ მოგვითხრობს და გვიყვება ისტორიას, რომელიც კენტუკის შტატში, ნახშირის მომპოვებელ ინდუსტრიაში ხდება.

გარდა საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებისა, დაგეგმილია ვორკშოფები, მასტერკლასები და ტრეინინგი. რაც შეეხება საფესტივალო სივრცეებს, კინოს სახლისა და კინოთეატრების რუსთაველის და ამირანის გარდა, ღია ცის ქვეშ ჩვენებები მოეწყობა მზიურში და Backstage 76-ში.

 

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები