LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

110–ზე მეტი კომპანია: მთაწმინდაზე ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდა (ფოტოები)

149

მთაწმინდის პარკმა „ახალი ღვინის ფესტივალს“ უმასპინძლა. ფესტივალში  მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის  მცირე-ოჯახური და საშუალო მარნები, ასევე  მსხვილი მწარმოებლები და ცნობილი კომპანიები, რომლებმაც სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოები წარუდგენეს.

ღონისძიებაზე საკუთარი პროდუქცია 110–ზე მეტმა მონაწილემ წარადგინა.

,,ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნეს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ  აღნიშნა,  ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მცირე და საშუალო წარმოების ხელშეწყობა და საქართველოში ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

,,აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება ,,ახალი ღვინის ფესტივალში“  როგორც მონაწილეთა, ასევე  ფესტივალის ვიზიტორების, მათ შორის უცხოელი ტურისტების რიცხვი. „ახალი ღვინის ფესტივალი“ წელს, უკვე მერვედ ჩატარდა. პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს გაიმართა, მონაწილეობას ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა,  წელს კი ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 110-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა, სტუმრების რიცხვი კი, ათეულ ათასზე მეტია.  ეს, ნათელად ადასტურებს ფესტივალის მნიშვნელობას, პოპულარობას  და პრესტიჟულობას“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

წელს, „ახალი ღვინის ფესტივალზე“ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ღვინის მწარმოებელმა  მცირე მარნებმა, საოჯახო მეურნეობებმა და  თითქმის ყველა მსხვილმა კომპანიამ. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები საგანგებო შერჩევის გზით „საქართველოს ღვინის კლუბმა“ რეგიონებში გამოავლინა.  

ფესტივალზე საკუთარი სტენდი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სადაც ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო-კვლევით ბაზაზე გაშენებული ქართული იშვიათი და უნიკალური ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარმოადგინა. საკუთარი ხელით წარმოებული პროდუქცია წარმოადგინეს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის სტუდენტებმაც.

ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა პერფორმანსთან ერთად  ტრადიციულად,  საზეიმოდ   გაიხსნა ქვევრი და საფერავის სასაჩუქრე კასრები გათამაშდა. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ორგანიზებით მოეწყო მედიატური, რომელშიც  ღვინის პროფესიონალები და ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ჟურნალისტები  (აშშ-დან, კანადიდან, იტალიიდან,  შვედეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან) მონაწილეობდნენ.

ღონისძიება საქართველოს „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, ასევე  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი, რევაზ ასათიანი და იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია,  ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საერთაშორისო ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ფოტოები მოგვაწოდა სანდრო ჯორკოშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები