LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1103 საარჩევნო უბანი შშმ პირებისთვის ადაპტირებულია

84

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხზე იმსჯელეს.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველ კახა ცეცხლაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო უბნების ადაპტირების თვალსაზრისით ამჟამად არსებული ვითარება შეაფასეს და სამომავლო მოქმედების სტრატეგია განსაზღვრეს. ამ დროისთვის 3634 უბნიდან 1103 უბანია ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 8 ოქტომბრამდე ადაპტირებული უბნების რიცხვის გაზრდა იგეგმება.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რათა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მისი ფიზიკური შესაძლებლობის მიუხედავად, ქონდეს თანაბარი წვდომა საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების პროცესში… საქართველოში ამ დროისთვის 1103 საარჩევნო უბანია ხელმისაწვდომი შშმ პირებისთვის, შესაბამისად განვიხილავთ ამ პროცესებს, რომ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბანი იყოს მოწყობილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,“ – განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღევანდელი შეხვედრა ცესკოსა და ზემოაღნიშნულ უწყებებს შორის 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების ადაპტირების უზრუნველყოფაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები