LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ბავშვი ზედმეტად გათამამებულია

666

გათამამებულ ბავშვს დღეს თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. მათ ხშირად ქცევის პრობლემის მქონე ბაშვებსაც უწოდებენ, რომელთა თვისებები ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ქცევის პრობლემა თავისთავად საგანგაშო არაა, თუმცა საჭიროებს დროულ რეაგირებას როგორც მშობლის, ასევე ფსიქოლოგის მხრიდან. ყველაზე მეტად პრობლემას სწორედ მშობლების მხრიდან სიტუაციის არარეალური შეფასება ქმნის, მათ არ უნდათ იმის დაჯერება, რომ ბავშვი ზედმეტად გათამამებულია. ამის მიზეზი მშობლების გადატვირთული რეჟიმიცაა, როცა ისინი ბავშვის გულის მოსაგებად ყველაფერზე მიდიან. რეალურად გათამამებული ბავშვი შესაძლოა მომავალში ბევრი პრობლემის მომტანი გახდეს, ამდენად ადრეულ ასაკში დროული რეაგირება აუცილებელია. 

12 ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი პატარა ზედმეტად გათამამებულია:

  • ბავშვს არ სურს თავისი ნივთები სხვას ათხოვოს

ეგოიზმი  აიძულებს პატარებს მოიქცნენ მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ისინი მიჩვეულნი არიან მიიღონ ყველაფერი, რაც უნდათ. ამდენად სათამაშოების სხვა ბავშვებისთვის მიცემა ყოველთვის დიდი პრობლემაა.

  • ხშირი ისტერიკები

3-დან 4 წლამდე ბავშვები ხშირად აწყობენ ისტერიკებს. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ჯერ არ იციან ემოციების სხვაგვარად გამოხატვა. 4 წლის შემდეგ ბავშვების ისტერიკა უკვე დაფიქრების საბაბი უნდა გახდეს, რადგან ბავშვები უკვე მშობლების ემოციებით მანიპულირებას იწყებენ.

  • მშობლეზე მიჯაჭვულობა

ხშირად მშობლები სიბრალულს გრძნობენ, როცა ბავშვს ბებიასთან ან საბავშვო ბაღში ტოვებენ. თუ ამან სისტემატიური სახე მიიღო, იწყება ზედმეტი გათამამებაც, რამაც შესაძლოა უკონტროლო ხასიათი მიიღოს.

  • ბავშვი მხოლოდ სასურველ საკვებს იღებს

ცხადია, ბავშვს შეუძლია მოითხოვოს მისთვის საყვარელი საკვები, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს სისტემატიური სახე. თუ ბავშვი ყოველდღე ითხოვს მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც მას უყვარს, ის უკვე გათამამებულია.

  • ბავშვი მუდამ უკმაყოფილოა

ხშირი უკმაყოფილება ბავშვის მხრიდან ასევე გათამამების ნიშანია. ამაზე მეტყველებს ბავშვის გამუდმებული წუწუნი.

  • ბავშვი უარს ამბობს მშობლების დახმარებაზე.

3 ან 4 წლის შემდეგ ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი სათამაშოების ალაგება. თუ დედა გააგრძელებს მის მაგივრად ყველაფრის კეთებას, ეს აუცილებლად ჩვევაში გადაიზრდება.

  • უხეშობა

როცა ბავშვი ზედმეტად გათამამებულია, ის ხშირად უფროსების მიმართ პატივისცემასაც კარგავს. ის უხეში ხდება და მის ლექსიკონში სულ უფრო ხშირად ჩნდება უხამსი სიტყვები.

  • ბავშვის დარწმუნება სულ უფრო რთული ხდება.

გათამამებული ბავშვისთვის დედის და ბებიის, ასევე ოჯახის სხვა წევრების სიტყვები აზრს კარგავს. იმისთვის, რომ მშობელმა შვილი სასურველ ქმედებაზე დაითანხმოს, ხშირად მოლაპარაკებების მთელი რაუნდია გასამართი.

  • უფროსებით მანიპულაცია

ბავშვები ხშირად უფროსებთან მანიპულაციის ხერს მიმართავენ. ამ დროს მნიშვნელოვანია ოჯახის ყველა წევრი ქცევის ერთ მოდელზე შეთანხმდეს. თუ პატარას ისტერიკა არ გაუვა დედასთან, ის მამასთან ინაცვლებს, შემდეგ ბებიასთან და ასე გრძელდება უსაშველოდ. თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც წავიდა კომპრომისზე, ბავშვის ეს ქცევა სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

  • ბავშვის საქციელის გამო მშობელი ხშირად ვარდება უხერხულ მდგომარეობაში

გათამამებული ბავშვებისთვის დამახასიათებელია ისტერიკა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საუბედუროდ საზოგადოების განათლება ამ მხრივ საკმაოდ დაბალია და ხალხი ვერ ხვდება, რომ ამ დროს იგნორი საუკეთესო საშუალებაა.

  • ბავშვი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ცუდი საქციელის გამო

გათამამებულ ბაშვს ყოველთვის ჰყავს ზურგს უკან ადამიანი, რომელიც ცუდ ქცევას გაამართლებს. ხშირად ეს ბებია და ბაბუაა, თუმცა ხდება ისეც, რომ თავად დედა ხდება ცუდი საქციელის გამმართლებელი. თუ ასეთი ადამიანი მის ცხოვრებაში არსებობს, ის არასოდეს იგრძნობს პასუხისმგებლობას ჩადენილი შეცდომების მიმართ.

  • ბავშვი კატეგორიულია უარის მიმართ

გათამამებულმა ბავშვმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა არა. ეს საქციელი შესაძლოა დამახასიათებელი იყოს 4 წლის ბაბვშვისთვის, მაგრამ 4 წლის ზევით ეს ნორმა არაა.ყოველ უარს თან ისტერიკის ახალი ტალღა ახლავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები