LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულს ბრალს ხვალ ოფიციალურად წაუყენებენ

65

მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს თავს დაესხა, ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, ბრალდებულს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რის შემდეგაც იგი დაკითხეს.

სამართალდამცველები გუშინ ღამით გაესაუბრენ დაზარალებულ 13 წლის მოზარდს, რომელმაც პოლიციას მომხდარის დეტალები უამბო, ასევე გამოიკითხნენ მოზარდის მეზობლები, რომლებიც შემთხვევის თვითმხილველები არიან.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში გუშინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე არასრულწლოვან ბიჭს თავს დაესხა. მოზარდს ტვინის შერყევა და თვალები აქვს დაზიანებული. არსებული ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა, საქართველოში იმავე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა, სადაც დაზარალებული.

ახლობლები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, 22 წლის მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა აქვს ან რომელიმე სექტაშია გაწევრიანებული, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ხშირად ახსენებდა სატანას და ეშმაკს. როგორც დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, დამნაშავე მის ქმედებას იმით ამართლებდა, რომ 13 წლის მოზარდი ეშმაკის შვილია და ის სიკვდილს იმსახურებდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები