LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 აგვისტოდან შემოწმებული ხე-ტყის სახერხი საამქროები ეტაპობრივად გაიხსნება

76

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ და ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ, დღეს ხე-ტყის ნედლეულის მომპოვებელი და რეალიზატორი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს, რა ღონისძიებები განხორციელდება მომავალში, რათა კანონის ფარგლებში მოექცეს ხე-ტყის მოპოვებისა და რეალიზაციის სფეროში მომუშავე საწარმოების საქმიანობა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფი ატარებს სახერხი საამქროების ინვენტარიზაციას. ბიზნესის ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, ხვალიდან, ეტაპობრივად დაიწყება იმ საამქროების გახსნის პროცესი, რომლებშიც ინვენტარიზაცია დასრულდა.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე წლის 26 ივლისიდან ერთდროულად განხორციელდა იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ყველაზე მეტი – 112 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, აჭარაში – 95 ფაქტი დაფიქრისდა, იმერეთში – 74, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 54 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 39, კახეთში – 28, გურიაში – 24 ფაქტი, ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე – 13 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 3, ხოლო თბილისში – 2 ფაქტი.

გამოვლენილ ფაქტებს შორის 380 სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, ხოლო 137 უკანონო (არარეგისტრირებული) სახერხი იყო.

მთლიანობაში, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ხე-ტყის გადამამუშავებელ 700-ზე მეტ საწარმოში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით. პრემიერმინიტრ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. ამის შესახებ მან გუშინ გარემოსდაცვითი ახალი კონცეფციის პრეზენტაციის დროსაც განმარტა.