LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ჩეხური კომპანია ქართულ ბიზნესსექტორს გაეცნო

83

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 15-მა ჩეხურმა კომპანიამ მიიღო. მათივე ცნობით, ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა ჟირი სესტაკიმ და ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომას პერნიცკიმ გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაკეთდა პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ჩეხეთის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ.  „ბიზნესფორუმი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას ისახავდა მიზნად. ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნესპარტნიორებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, ჩეხეთის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს – ფიტოთერაპიული მედიკამენტების წარმოება, ჯანდაცვის ინოვაციური მეთოდები, ფარმაცევტიკა, ლოგისტიკა, სადაზღვევო სექტორი, საყოფაცხოვრებო-სარემონტო მასალების წარმოება, საბანკო სექტორი, ავტონაწილების წარმოება, ნავთობ-პროდუქცია და ა.შ.

“სავაჭრო ბალანსი ექსპორტ-იმპორტის კუთხით გაუმჯობესებას საჭიროებს. მსგავსი ღონისძიებები სწორედ აქეთ არის მიმართული, რათა გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა ქვეყნებში. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ფორუმი ამ ბალანსის გაუმჯობესების საქმეში თავის წვლილს შეიტანს“, – აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩეხეთის სავაჭრო პალატასთან აქტიურად თანამშრომლობს. მხარეებმა 2016 წელს გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით ერთობლივ აქტივობებს ახორციელებენ. 2017 წელს ბიზნესფორუმი ჩეხეთის დედაქალაქში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, ადგილობრივ ბიზნესწრეებთან შესახვედრად 15-მდე ქართული კომპანია გაემგზავრა. ასევე, მხარეთა თანამშრომლობის შედეგად ქართული ბიზნესსექტორი აქტიურად არის ჩართული ჩეხეთში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებში. საქართველოსა და ჩეხეთის მთავრობებს შორის მუშაობს მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიაც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კომისიის წევრია და სხდომების ფარგლებში ბიზნესსექტორის ინტერესებისა და საჭიროებების პოზიციონირებას ახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები