LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის შშმ პირის, გიგის დედის მიმართვა კახი კალაძეს – „არ ვიცოდით, შეძლებდა თუ არა სიარულს, მაგრამ ახლა თავისი ბიზნესი აქვს…“

116

სოციალურ ქსელში ვრცელდება თათო გვარიშვილის პოსტი, სადაც ის თავის შვილზე, გიგიზე წერს. გიგი უსაყვარლესი ბიჭია, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს, თუმცა, დედის მონათხრობის მიხედვით, ბიჭმა მოახერხა და საკუთარი ბიზნესიც კი დაიწყო, ქუჩაში ვაჭრობს იმით, რასაც საკუთარი პენსიით ყიდულობს. პირველი აპრილიდან კი მას, კანონის მიხედვით, ქუჩაში ვაჭრობა აეკრძალება. დედა კახი კალაძეს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. გთავაზობთ თათო გვარიშვილის პოსტს:

„არ ვიცი, საიდან დავიწყო ამ ამბის წერა. ჩემი მეგობრების უმრავლესობა იცნობთ ჩემს შვილს, გიგის. გიგის აქვს ცერებრალური დამბლა, რაც გამოიხატება სიარულში და მცირემხედველობაში (მხოლოდ 7 % აქვს).

როდესაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, არ ვიცოდით, შეძლებდა თუ არა სიარულს, ლაპარაკს, აზროვნებას. ყველა ხვდებით რა დღეები გამოვიარეთ სანამ მივხვდებოდით რომ ლაპარაკობს, აზროვნებს და ოდესმე გავლასაც შეძლებდა.

ყოველთვის ძალიან ცდილობდა, მიეღწია ქუჩაში დამოუკიდებლად სიარულისათვის. დაახლოებით 8 წლის იქნებოდა, როცა ქუჩაში ე.წ ვოქერით დაიწყო სიარული. გაიცნო მთელი რუსთაველი, გახდა ყველა გაჭირვებულის ქომაგი და მესაიდუმლე. ხშირად მთხოვდა ვინმეს შვილის სკოლაში მოწყობას ან ვინმეს ქმრისთვის სამსახურს (გონია რომ ყველაფერი შემიძლია:) მეც ყველანაირად ვცდილობ ). ერთ დღესაც მიწისქვეშა გადასასვლელში მოუნდა მარტო ჩასვლა და მუსიკოსების გაცნობა, ამის ხათრით ივარჯიშა ბევრი და ჯოხით სიარულზე გადავიდა. რაღაც პერიოდი აზრი მიეცა ყოველ საღამოს. ჩადიოდა მიწისქვეშაში და თავის მეგობარ მუსიკოსებთან ერთად უკრავდა.

უკვე 2 წელზე მეტია, რაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ყოველ დილით (საკუთარი პენსიით დაიწყო) მიდიოდა სადგურზე, ყიდულობდა ბუშტებს და რუსთაველზე ყიდდა. თავიდან ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი, მერე მივხვდი რომ ადამიანმა, რომელსაც არ შეუძლია ძალიან ბევრი რამ რაც ჩვენ შეგვიძლია შეუძლებელი შეძლო. შეძლო ის რომ აქვს თავის ცხოვრება, ჰყავს უამრავი ნაცნობი, მეგობარი და გულშმატკივარი, აქვს საკუთარი შემოსავალი და იმის საშუალება, რომ კაფეში და რესტორანში დაპატიჟოს, ვინც უნდა.

ბუშტები საახალწლო ნივთებმა ჩაანაცვლა, მერე ცივმა სასმელებმა და ა.შ. რამდენიმე დღის წინ იყიდა ფრეშის საწური აპარატი და ახალი საქმეც მიეცა:)

დღეს დამირეკა მერიის ზედამხედველობის წარმომადგენელმა ძალიან კარგმა ქალბატონმა. ამიხსნა, რომ ძალიან კარგად იცნობენ გიგის და ძალიან გულშემატკივრობენ, მაგრამ 1-ლი აპრილიდან საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს, თუ უნებართვოდ იდგება რუსთაველის გამზირზე (არადა რა ვქნა იქ რომ ვცხოვრობ). გიგი აღშფოთებული მირეკავს ახლა და მთხოვს, რამე მოუფიქრო ან თვითონ წავა მერიაში და მოითხოვს მისცენ „წვენისწურვითი საქმიანობის უფლება“ :)))

მირჩიეთ, რა შემიძლია გავაკეთო?

თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე, იქნებ, რამე საშველი არსებობდეს იმის გათვალისწინებით, რომ გიგი 15 წლის შშმ პირია და სახლთან ვაჭრობს? დამერწმუნეთ, საერთოდ არ მომწონს გარემოვაჭრეებით გადატვირთული ქუჩები და ბევრად მერჩივნა, ჩემს შვილს სხვა შესაძლებლობები და ინტერესები ჰქონოდა…“