LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15:00 სთ-ის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 34,8 % შეადგინა

23

15:00 სთ-ის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 34,8 % (1222634) შეადგინა, ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაზემ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქელაძემ ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ ხმების დათვლამდე შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისგან.

„კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრა არის ფარული და მნიშვნელოვანია, ყველამ პატივი სცეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს.”

ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის  5 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ.

„ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20:00 სთ-იდან დაითვლება და ავღანეთის ორი უბნის შედეგები მხოლოდ ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. შესაბამისად, შედეგებთან დაკავშირებული ნებისმიერი წინასწარი ინფორმაცია არ ეფუძნება რეალურ შედეგებს.”

ანა მიქელაძემ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

„ამ დროისთვის, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 46 საჩივარი. მათი უმრავლესობა დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. მაგალითად – აგიტაცია საარჩევნო უბანზე, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელება; რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რაც დროულად აღმოიფხვრა; ასევე იყო საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული ხარვეზები. საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

 

რაც შეეხება პროცედურულ ხარვეზებს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიში, რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა უყურადღებოდ იმგვარად, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ბიულეტენში №1. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და  აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც შეცდომა დაშვებულია რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემისას. საუბნო საარჩევნო კომისიამ აღმოფხვრა ხარვეზი და რეგისტრატორი ჩაანაცვლა სხვა კომისიის წევრი რეგისტრატორით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დიდუბის №14 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კომისიის მიერ წინასწარ, შეცდომით შევსებული ოქმი არის ამოღებული და გაუქმებულია მოხმარებისთვის; საუბნო საარჩევნო კომისიას ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები