LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ახალი ლოჯისტიკური ცენტრი და 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში

176

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ადგილმდებარეობა: აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის ლოგისტიკური ცენტრი) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი). ასევე, მომზადდა თითოეული ლოჯისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი და სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

თბილისის ლოჯისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს (პირველი ფაზის ღირებულება 60.7 მილიონი), ხოლო ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება 72.5 მილიონს (პირველი ფაზა – 27.1 მილიონი).

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა ცალკე თბილისის ლოგისტიკური ცენტრისა და ცალკე ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესარჩევი პროცესი წარიმართება რამდენიმე ფაზად, კერძოდ: პირველ ეტაპზე დაინტერესებული პირები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას, მათ შორის ინფორმაციას კომპანიაზე, მის გამოცდილებაზე, ფინანსურ რესურსზე და მიმდინარე დავებზე. მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად წამოდგენის შემთხვევაში, სამთავრობო კომისიის მიერ მოხდება რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, რომელთაც მომდევნო ფაზაზე წარედგინებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენის შესახებ (RFP). აღნიშნული წინადადებები უნდა მოიცავდეს სრულ ტექნიკურ და კომერციულ წინადადებებს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის, ოპერირებისა და ფინანსების მოზიდვის თაობაზე.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 იანვარი, 14:00 საათი. ინტერესთა გამოხატვის პირობები, ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე: www.economy.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები