LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის შემდეგ: საფრანგეთი ისევ ფინალშია, ისევ დეშამთან ერთად

55

საფრანგეთი, რომლისგანაც ჯგუფურ ეტაპზე მეტს ელოდნენ, პლეი-ოფში ათამაშდა და ფინალამდე მოვიდა – მესამედ ისტორიაში.

საფრანგეთს არცერთი თამაში არ წაუგია: ავსტრალია – 2:1, პერუ – 1:0, დანია – 0:0, არგენტინა – 4:3. ურუგვაი – 2:0 და ბელგია – 1:0. გუნდმა პლეი-ოფის ყველა მატჩი ძირითადში მოათავა.

საფრანგეთს წინ ზედიზედ მეორე ტოპ-ფინალი ელოდება. ორი წლის წინ მან პარიზში პორტუგალიას ევროპის თასი გაატანა. საინტერესოა, რომ ზიდანის თაობამაც ორი ფინალი ითამაშა მიჯრით (მუნდიალი-1998 და ევრო-2000). ოღონდ ორივე მოიგო.

საფრანგეთის ნაკრების სამმა მცველმა გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე. ასეთი რამ 1998 წლის შემდეგ არ ყოფილა.

 

დიდიე დეშამმა, რომელმაც საფრანგეთი 6 წლის წინ ჩაიბარა და კრიტიკა არ აკლია, მაინც საგრძნობ პროგრესს მიაღწია: 2014 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში გერმანიასთან წაგების შემდეგ (0:1) მისი გუნდი მხოლოდ ფინალებს თამაშობს.

 

დეშამი იმ ლეგენდარული 1998 წლის ნაკრების კაპიტანია, რომელმაც ფინალში ბრაზილია გაანადგურა 3:0.

როდესაც ვარსკვლავურმა საფრანგეთმა 20 წლის წინ მსოფლიო თასი მოიგო, ბენჟამენ პავარი 2 წლის იყო, სამუელ უმტიტი – 4, პოლ პოგბა და რაფაელ ვარანი – 5, ნგოლო კანტე და ანტუან გრიზმანი – 7. კილიან მბაპე კი დაბადებული არც ყოფილა.

15 ივლისს დეშამი შეიძლება გახდეს მესამე ადამიანი ისტორიაში, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული ექნება როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. ასეთი მიღწევით აქამდე ორი კაცი დაიკვეხნის: მარიო ზაგალო (ბრაზილია, 1958, 1962 და 1970) და ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია, 1974 და 1990).

მსოფლიო ჩემპიონატს ზედიზედ მეოთხედ მოიგებს ევროპული ნაკრები: იტალია (2006), ესპანეთი (2010) და გერმანია (2014). ? – 2018.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები