LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად გაკეთდა განცხადება, რომელიც შევა მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში

13

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც შევა მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
”აღნიშნულ განცხადებაში მეგობარი ქვეყნები გამოთქვამენ მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის დასკვნით აქტზე, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება, განსაკუთრებით გამოყოფილია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია.
განცხადებაში აღნიშნულია პროგრესის საჭიროება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ თემებზე, კერძოდ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბება და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მინისტრო  ავრცელებს ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით.
”ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების განხილვა. ხაზს ვუსვამთ დისკუსიების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას, მათ შორის, ძალის არგამოყენების, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების იმ საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შესახებ, რომლებიც მიმართულია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია  განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები