LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017-2018 სასწავლო წელს სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალური ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირების და კონფლიქტის 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა

86

2017-2018 სასწავლო წელს სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალური ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირების და კონფლიქტის, ასევე ვანდალიზმის სულ 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში, შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

ლია გიგაურის ინფორმაციით, აღნიშნული დარვევები მანდატურის სამსახურის მიერ არის იდენტიფიცირებული და მონაცემები სამინისტროს ყოველდღიურად მიეწოდება.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გამოვლენილი დარღვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა დისციპლინურ გადაცდომას უკავშირდება. ამავე პერიოდში მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის 2 538 ფაქტი, ფსიქოლოგთან რეფერირება-ბულინგის 1081 შემთხვევა და ასევე დაფიქსირდა 297 ფაქტი, როცა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩარევა გახდა საჭირო.

„დისციპლინურ დარღვევებში იგულისხმება, ძირითადად, დაგვიანება, ან სკოლიდან გაპარვა. რაც შეეხება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომელიც ცალკე კლასიფიცირდება, ამის შესახებ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას, ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგთან რეფერირებას, ესენი არის ბულინგის შემთხვევები, რომლებსაც მართვა სჭირდება. ფსიქოლოგთან რეფერირების მაჩვენებლები 2017-2018 სასწავლო წელს ცოტა ნაკლებია, ვიდრე წინა წელს, ვინაიდან სკოლებიდან, სადაც ფსიქოლოგი დაემატა, ცენტრში რეფერირების საჭიროება აღარ გახდა საჭირო, ამიტომ ეს მონაცემი არ აღირიცხებოდა,“ – განაცხადა ლია გიგაურმა.

რაც შეეხება აკრძალული ნივთების შეტანას სკოლაში, მინისტრის მოადგილის თქმით, მაღალი რისკის მქონე ნივთების შეტანა არ ხდება დიდი რაოდენობით, თუმცა „ასეთი ნივთების შეტანა პირდაპირ ბმაში არის მედიაში გახმაურებულ ინფორმაციასთან, რომ მოსწავლეებმა დაჭრეს ან იჩხუბეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები