LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი” – პრემიერმა 2016 შეაჯამა

97

2016 წელი, იყო, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წლის შეჯამებისას განაცხადა.

„ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი – ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს. პროგრესი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, აღნიშნულია არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ.

შესაბამისად, მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ადამიანის გადარჩენაზე ორიენტირებული,” – განაცხადა კვირიკაშვიმა.

პრემიერის თქმით, 2016 წელს გამოცხადებულმა სწრაფი განვითარების გეგმამ ქვეყანა კეთილდღეობამდე უნდა მიიყვანოს.

„პროცესი 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017-დან დაიწყება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, აირჩიო არა მარტივი, მაგრამ მე ვიტყოდი ერთადერთი სწორი გზა, სწრაფი განვითარების მისაღწევად. ჩვენ წარმოვადგინეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მიმართულების კონკრეტული ხედვა,” -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების რეფორმა და „უმუშევართა წარმოების“ დასრულება

 პრემიერი ამბობს, რომ შემუშავებულია განათლების რეფორმა, რომელიც დანერგავს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას. მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, სასწავლებელი და დამსაქმებელი ერთდროულად განახორციელებენ სასწავლო პროგრამებს.

“რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ეს სისტემა იქნება ეკონომიკის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული, იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უმაღლესდამთავრებულ უმუშევართა რიცხვი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების და ამ მიმართულებით მეცნიერების განვითარებას,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო მშენებლობის პროექტი იძლევა საშუალებას, საქართველო რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების ცენტრად იქცეს.

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა და საგარეო პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე
სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

2016 წლის მიღწევად პრემიერი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ასახელებს.

„მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების მიმღებმა ევროკავშირის სამივე სტრუქტურამ და ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებითაც. 2016 წელს გაძლიერდა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი და მიღებულ იქნა ახალი ინიციატივები.

„აქტიურად ვმუშაობთ და ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე შედგა პირველი კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მომავალში, ჩვენ ველით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის“ შესახებ და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მემორანდუმის განხორციელების მიმართულებით,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დევნილების დაბინავება

„დღევანდელი მონაცემებით უკვე 13 700-მდე დევნილ ოჯახს და 300-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადავეცით საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი, სახლები. 2017 წელს მათთვის საცხოვრებლის გადაცემის პროცესი გაგრძელდება და კიდევ 1700-მდე დევნილ ოჯახს, ასევე ეკომიგრანტებს გადაეცემათ ფართები საკუთრებაში,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს მიღწევები კულტურის სფეროში

2016 იყო ისტორიული წელი UNESCO -ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარებისა და დაცვის კუთხით. ივლისში მცხეთის ისტორიული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და ძირითად ნუსხაში დააბრუნა. 30 ნოემბერს, UNESCO-მ ქართულ ანბანს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

დეკემბერში – UNESCO-მ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს ჰააგის კონვენციის თანახმად, გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა.

„2016 წელს განხორციელდა მასშტაბური კულტურული პროექტი „Сheck in Georgia“ – რომლის შედეგადაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მოინიშნა მსოფლიო კულტურულ ღონისძიებათა კალენდარზე,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

ჯანდაცვა და C ჰეპატიტისგან განკურნებული ადამიანები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. წელს 13 000-ზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში და მათი განკურნების მაჩვენებელი 90%-ია.

რა თქმა, უნდა ჩვენ ამ პროგრამებს 2017 წელსაც გავაგრძელებთ, თუმცა ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვა გახდება კიდევ უფრო საჭიროებებზე ორიენტირებული და მეტად ხარისხზე ორიენტირებული. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა მეორეახალი ეტაპის რეფორმები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად და ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემა.

 

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება, კვირიკაშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ ამისი საფუძველი აქვს. 

„ეს ოპტიმიზმი არის სრულიად მატერიალური და პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები