LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს საბავშვო ბაღებში დამატებით 2000 ბავშვი დარეგისტრირდება

72

 2017 წელს თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში დამატებით 2000 ბავშვი შეძლებს დარეგისტრირებას. როგორც „ფორტუნას“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ეს პროცესი ახალი საბავშვო ბაღების გახსნით არის განპირობებული. უკვე აშენდა 5 ახალი საბავშვო ბაღი, რომლის გახსნაც მიმდინარე წელს იგეგმება. ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბაგა-ბაღებში მოხდება დამატებით პერსონალის დასაქმებაც, სულ დასაქმდება 315 ადამიანი.

ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესი ბევრ მშობელს აწუხებდა. რეგისტრაციის შემდგომ მშობლები აცხადებდნენ, რომ ბავშვების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. როგორც თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განაცხადა,  ახალი ბაღების გახსნით ეს პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნება და უფრო მეტი მშობელი შეძლებს დაარეგისტრიროს ბავშვი.

 

„7 ახალი ბაღი შარშან გავხსენით, სექტემბერში კიდევ 5 გაიხსნება, დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობა. ჩვენ არ ვჩერდებით, ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება. შენდება ახალი ბაღები, რეაბილიტაცია უტარდება ძველ შენობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საბავშვო ბაღების სერვისი ათასობით ოჯახებისთვის ხდება ხელმისაწვდომი. კონკრეტულ დასახლებებში მნიშვნელოვნად მოიხსნება თავისუფალი ადგილების დეფიციტი და განიტვირთება ჯგუფები“, – განაცხადა თემურ თორდინავამ.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ ის მშობლები, რომლებსაც საბავშვო ბაღის ასაკის შვილები ჰყავთ. თაკო ოქროპირიძის უფროსი შვილი 3 წლის ხდება, ბაღში სექტემბრიდან დაჰყავს. მომავალ წელს ბაღში მეორე შვილის მიყვანასაც გეგმავს. იგი ამბობს, რომ ახალი ბაღების გახსნა კარგი გადაწყვეტილებაა.

 

„პირადად მე ვმუშაობ, არ მცალია და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი შვილი საჯარო ბაღში მოხვედრილიყო. გარდა ამისა, ბევრს არ აქვს საშუალება კერძო ბაღში მიიყვანოს შვილი და მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საჯარო ბაღში რეგისტრაცია. შესაბამისად, თუ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნება, მე მხოლოდ მივესალმები“,  – განაცხადა ოქროპირიძემ.

 

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია ივნისის ბოლოსთვის დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები