LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში წინა წელთან შედარებით, საქართველო სამი პუნქტით დაწინაურდა

52

საერთაშოროსო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველო სამი პუნქტით დაწინაურდა.  საქართველო 180 ქვეყნიდან  61-ე ადგილზეა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მედია საქართველოში პლურალისტული, თუმცა პოლარიზებულია. ანგარიშის თანახმად, მათი მფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში ხშირად ერევიან.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებულმა რეფორმებმა გააუმჯობესეს მედია საშუალების მფლობელობის გამჭვირვალეობა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმი, თუმცა მფლობელები ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ  „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე დავას დიდი გავლენა ექნება. ანგარიშში რუსთავი 2 მთავარი ოპოზიციურ არხად არის მოხსენიებული. ამავე ანგარიშში მოხვდა აფგან მუხთარლის საქმეც.

„ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ ნაკლებად ხდება, თუმცა ფიქსირდება მუქარის შემთხვევები. საქართველო ტრადიციულად აძლევდა თავშესაფარს დისიდენტებს მეზობელი ქვეყნებიდან. აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის 2017 წელს თბილისში გატაცებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ის აზერბაიჯანში აღმოჩნდა, სადაც პოლიციამ დააკავა და შეთითხნილი ბრალდებით თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან, თუმცა გამოძიებას ჯერ კიდევ არ წარუდგენია იმის დამაჯერებელი ახსნა-განმარტება თუ რა მოხდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.