LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის ყველაზე საინტერესო ფილმები

8066

ტრადიციულად, შემოდგომაზე წარმოდგენილი ფილმები, მოგვიანებით „ოსკარის“ პრემიის მთავარი ნომინანტები ხდებიან, რადგან აუცილებლად ძლიერი სცენარით, ბრწყინვალე რეჟისურით და მსახიობთა საინტერესო შემადგენლობით გამოირჩევიან.

გთავაზობთ 2018 წლის რჩეულ ფილმებს, რომელთაც კრიტიკოსები ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

„მარტივი თხოვნა“ (A Simple Favor) – პოლ ფიგის კრიმინალური დრამა ბლეიკ ლაივლის და ანა კენდრიკის მონაწილეობით, ამერიკის პროვინციულ ქალაქში გაუჩინარებული გოგონას საიდუმლოებით მოცული ისტორიაა. დეტექტიური სიუჟეტის გარდა, მაყურებელი ფილმის მხატვრული გაფორმებით და არაჩვეულებრივი კოსტუმებით მოიხიბლება, რომელთა შექმნაზე „შოკოლადის“ მთავარმა კოსტუმერმა რენი ერლიჩ კალფუსმა იზრუნა.

„კანონის ადგილი აქ არაა“ (L’ora legale) – ბოლო წლების ყველაზე შემოსავლიანი იტალიური კომედია პატარა ქალაქზე და მის ახლად არჩეულ მერზეა, რომელიც იმდენად სამართლიანი და პატიოსანი აღმოჩნდა, რომ ბევრს დაჯერებაც გაუჭირდა. თუმცა, ცვლილებები, რომელთაც ქალაქი განიცდის, ბევრს, მათ შორის მერის სიძეებს არ მოსწონთ და სწორედ ისინი ცდილობენ „საყვარელი სიმამრის“ თანამდებობიდან გადაყენებას.

„სახლი საათით კედლებში“ (The House with a Clock in Its Walls) – ფანტასტიკური ფილმი ქეით ბლანშეტის მონაწილეობით ჯონ ბელერსის გოთიკური რომანის მიხედვით შეიქმნა, რომელიც თავის დროზე New York Times-ის პრესტიჟული პრემიით აღინიშნა. „ჰორორის“ ოსტატის ელაი როტის ფილმი მაყურებელს პატარა ბიჭუნას ისტორიას მოუთხრობს, რომელიც ბიძას მდიდრულ, თუმცა შიშისმომგვრელ სასახლეში სტუმრობს და მოულოდნელად გებულობს, რომ საყვარელი ბიძა – ნამდვილი ჯადოქარია, რომელიც უნიკალურ საათს ეძებს, რათა ზუსტად შეიტყოს რა დრო დარჩა სამყაროს დასასრულამდე.

„ფარვანა“ (Papillon) – დანიელი რეჟისორის მიხაელ ნოერის ტრილერი ახალგაზრდა ავანტურისტზეა, რომელსაც სამუდამო პატიმრობას შეცდომით, არჩადენილი მკვლელობისთვის უსჯიან. მთავარი როლი ფილმში ცნობილი სერიალის „მისტერ რობოტის“ ვარსკვლავმა რამი მალეკმა შეასრულა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ „ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიებით დაჯილდოვდა.

„ვენომი“ (Venom) – რუბენ ფლეიშერის ბოევიკი მაყურებელს ჟურნალისტის ისტორიას მოუთხრობს, რომელიც ლაბორატორიიდან უცხოპლანეტელი სიმბიოტის გადარჩენას ცდილობს, თუმცა თავად ხდება მისი მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ ფილმი ტომ ჰარდის მონაწილეობით Marvel-ის სუპერგმირების მრავალფეროვანი თავგადასავალების მორიგი ისტორიაა, რომლის გადაღება 100 მლნ. დოლარი დაჯდა.

„ვარსკვლავის დაბადება“ (A Star Is Born) – ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტი ახალგაზრდა უცნობ მომღერალზე, რომლის როლი ლედი გაგამ შეასრულა, ვენეციის კინოფესტივალის მთავარ მოვლენად იქცა და სანუკვარი „ოქროს ლომიც“დაიმსახურა.

„პირველი ადამიანი“ („ადამიანი მთვარეზე“, First Man) – „ლა-ლა-ლენდის“ ავტორის დემიენ შაზელის ახალი ფილმი რაიან გოსლინგი მონაწილეობით, ცნობილი ასტრონავტის ნილ არმსტრონგის ისტორიაა, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე.

„მენდი“ (Mandy) – იტალიელი რეჟისორის პანოს კოსმატოსის საშინელებათ ფილმი ნიკოლას კეიჯის მონაწილეობით, ტყისმჭრელი რედისა და მისი მეუღლის – მენდის ისტორიაა, რომელიც რელიგიურმა სექტამ იმსხვერპლა, რედმა კი, რა თქმა უნდა შურისძიება გადაწყვიტა.  კრიტიკოსებმა დადებითადა შეაფასეს ნიკოლას კეიჯის თამაში, რომელმაც მართლაც ფანტასტიკურად შეასრულა ტრაგიზმითა და ტკივილით სავსე პერსონაჟის როლი ისლანდიელი კომპოზიტორის იოჰან იოჰანსონის არაჩვეულებრივი მუსიკის ფონზე.

„ძმები Sisters“ (The Sisters Brothers) – ჟაკ ოდიარის დინამიური ვესტერნი, მაყურებელს ორ ძმაზე მოუთხრობს, რომლებიც ოქროსმაძიებლის მოკვლას გეგმავენ, თუმცა ჩანაფიქრიდან მის განხორციელებამდე საკმაოდ გრძელ გზას გადიან და რადიკალურად იცვლებიან.

„ბოჰემური რაფსოდია“ (Bohemian Rhapsody) – ლეგენდარული Queen-ის თავბრუდამხვევ ისტორიაზე მაყურებელს ბრაიან სინგერმა მოუთხრო, მისი უცვლელი ლიდერის ფრედი მერკურის როლი კი, რომელიც სტერეოტიპებისა და პირობითობის დანგრევით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად იქცა, რამი მალეკმა შეასრულა.

„ფანტასტიკური მხეცები: გრინ-დე-ვალდის დანაშაული“ (Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald) – დევიდ იეტსის სათავგადასავლო ფანტასტიკა ჰარი პოტერის საგის მორიგი ისტორიაა, რომელიც მაყურებელს გრინ-დე-ვალდის – 20-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედის დანაშაულზე მოუთხრობს.

„ცდუნების ზღვა“ (Serenity) – კარიბის კუნძულების არაჩვეულებრივი პეიზაჟები, მომხიბვლელი ენნ ჰეტეუეი და გარუჯული მეთიუ მაკკონაჰი – ულამაზესი კადრებთან ერთად, მაყურებელს მდიდრული იახტებისა და სახლების ინტერიერის ფონზე განვითარებული ისტორია ელის, რომლის შექმნაზე რეჟისორ სტივენ ნაითთან ერთად დამდგმელმა მხატვარმა ენდრიუ მაკალპაინმა იზრუნა. ფილმი არა მხოლოდ დაძაბული, დინამიური სიუჟეტის მოყვარულებს, არამედ ესთეტური კინოს თაყვანისმცემლებსაც მოეწონებათ.

„სუსპირია“ (Suspiria) – ლუკა გუადანიონის მისტიკური ფილმი, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო საუნდთრეკისთვის აღინიშნა პრემიით, მაყურებელს ბერლინის საბალეტო სკოლაში მომხდარ იდუმალებით მოცულ ისტორიას მოუთხრობს და მსახიობთა არაჩვეულებრივ დასთან (ტილდა სუინტონის, დაკოტა ჯონსონის და ჰლოა მორეცის შემადგენლობით) შეხვედრას ჰპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები