LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-ე საუკუნის ყველაზე უცნაური ფილმები

„მანჰოლანდ დრაივი“ (Mulholland Drive) – 2000-იანი წლების საკულტო ტრილერში დევიდ ლინჩი ადამიანის გონებას, მის ფობიებს, ვნებებსა და გაოცნობიერებელ სურვილებს იკვლევს. მართალია, კინომოყვარულთა დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ ფილმით აღფრთოვანებულია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს მისი გაგება, ამიტომ უფრო საინტერესოა ლინჩისეული თავსატეხის დამოუკიდებლად ამოხსნა.

„დეტონატორი“ (Primer) – შეინ კერუტის სამეცნიერო-ფანტასტიკურ დრამას თამამად შეიძლება ეწოდოს საავტორო ფილმი, რადგან რეჟისორმა სცენარიც თვითონ დაწერა და მონტაჟეზე, მხატვრულ, მუსიკალურ გაფორმებაზეც იზრუნა, საკუთარ თავზე აიღო პროდიუსირება და სულ რაღაც შვიდი ათას დოლარად შექმნა ახალგაზრდების ისტორია, რომელთაც ავტოფარეხში ახალი ტიპის დროის მანქანა გამოიგონეს.

„შეუქცევადობა“ (Irréversible) – მართალია, გასპარ ნოეს ტრილერი მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის მონაწილეობით, თავისი ხმოვანი ფონით, ქაოტური ვიდეორიგით და შოკისმომგვრელი სცენებით საკმაოდ მძიმე სანახავია, მაგრამ მაინც დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება და 2000-იანების ერთ-ერთ საკულტო ფილმადაც იქცა.

„მემანქანე“ – ბრედ ანდერსონის ფსიქოლოგიური ტრილერის მთავარი პერსონაჟი მეჩარხე ტრევორ რეზნიკია, რომელიც უძილობით დატანჯული დიდი ხანია რეალობასა და საკუთარ ილუზიებს შორის ბალანსირებს. სხვათაშორის, კრისტიან ბელიმ, რომლის შემოქმედებაში რეზნიკის როლი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, 27 კილოგრამი დაიკლო ფილმისთვის მზადებისას.

„მელანქოლია“ (Melancholia) – ლარს ფონ ტრიერის ფანტასტიკურ დრამაში მელანქოლია პლანეტას ჰქვია, რომელიც დედამიწას უნდა დაეჯახოს. რა თქმა უნდა, მაყურებელს არ უნდა ჰქონდეს „ჰეფი-ენდის“ ნახვის იმედი, თუმცა საინტერესო იქნება იმ ადამიანების მოქმედების შეფასება, ვინც სამყაროს დასასრულისთვის ემზადება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები