LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის სექსმუშაკს ვარდების მოედანზე სცემეს – შსს ვიდეოს ავრცელებს

33

21 წლის სექსმუშაკისთვის პოლიციის თანამშრომლებს არ უცემიათ, შსს განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვიდეო ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

„მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლები, სადაც მათ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

პოლიციელების დანახვისას ი.ლ. აგრესიული გახდა, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. პოლიციამ ი.ლ. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების თანახმად დააკავა. დაკავებისას მას განემარტა ნებაყოფლობით ადვოკატის მოწვევის უფლება. ადვოკატის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ი.ლ.-მ განაცხადა, რომ იგი მის კოლეგა ქალბატონს არ უცემია, არამედ დაზიანებები სხეულზე სამართალდამცველებმა მიაყენეს. ი.ლ. ამჯერად სამედიცინო დახმარებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

ვარდების მოედანზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„ფეისბუქის“ მომხმარებელმა ლევან ბერიანიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიციის ძველი თბილისის სამმართველოში ნახა 21 წლის ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, სისხლჩაქცევების, შეშუპელი ქსოვილების სახით.
„მუხლებზე კანი გადაცვქლეფილი, სისხლიანი. თავზე მრავლობითი კოპი, ამოგლეჯილი თმის ადგილი მკვეთრად გაწითლებული. ქალი განმარტავს რომ ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების კიდევ ორმა პოლიციელმა სცემა დღეს დილის 5 საათზე. ამ წუთას ვართ ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში. ქალს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა“, – წერს ბერიანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები