LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 ოქტომბერს დაგეგმილი თბილისიმარათონი-2017 აღარ გაიმართება

86

TBILISIMARATHON 2017, რომელიც 22 ოქტომბერს თბილისში უნდა ჩატარებულიყო, აღარ გაიმართება. მარათონის ჩაშლის მიზეზი თბილისის მერიასა და ”ჰაიდელბერგცემენტს” შორის მარათონის ლოკაციასა და დაწყების დროზე შეუთანხმებლობა გახდა. ღონისძიების ჩაშლის საკითხზე, ორგანიზატორი კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლესაც უცვლელად გთავაზობთ:

”თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვნაძის განცხადებით:“თბილისის ქუჩებში არსებული  სარემონტო სამუშაოების გამო, ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა თბილისიმარათონისთვის,  გამოიწვევს სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზებასა და თბილისელების გულის წყვეტას”. თბილისის მერიის მხრიდან შემოთავაზება იყო გარბენი დაწყებულიყო დილით 07:00-ზე, ან მომხდარიყო ღონისძიების ლოკაციის შეცვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაიდელბერგცემენტის მიერ თბილისიმარათონი 2017-ის თარიღის (2017 წლის 22 ოქტომბრის) და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიას პირველად ეცნობა 2016 წლის ნოემბრის თვეში (ხოლო შემდგომში 2017 წლის იანვარში, აპრილში, სექტემბერში).

მერიის მიერ შემოთავაზებული გეგმით თბილისიმარათონი 2017-ის ჩატარება შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

(1)       ღონისძიების დილის 07:00 საათზე დაწყება:

მორბენლები მარათონის დაწყებამდე, დაახლოებით, 2 საათით ადრე მოდიან ღონისძიებაზე რეგისტრაციის გავლის, სანომრე ნიშნების მიღების და ხელბარგის დასაწყობების მიზნით,დილის 05:00 საათზე ღონისძიების დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია და არ აკმაყოფილებს არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს.

(2)       ღონისძიების ლოკაციის შეცვლა:

თბილისიმარათონი 2015 წლიდან მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია და შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika Timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” ავტომატური სისტემით ხორციელდება. სარბენი ტრასა 2016 წელს აიზომა AIMS-ის მიერ. იმის გამო, რომ ღონისძიებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, შეუძლებელია ლოკალიის შეცვლა, სარბენი ტრასის გაზომვა და ტექნიკის გადაწყობა, რაც სულ მცირე 2-თვიან წინასწარ პროცედურას საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების გაუქმება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტი” და თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი ბოდიშს უხდის ყველა მონაწილეს, სპონსორს, მხარდამჭერსა და ბენეფიციარს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები