LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27356 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა

77

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 2 მაისს  რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზარდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების ზეგავლენით, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთან, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა.

„სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება.

მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა, ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, გაუმჯობესდა საგარეო მოთხოვნა და შედეგად, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები სწრაფად იზრდება. ასევე, წინა წელთან შედარებით, მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

ვის და რამდენით გაეზრდება სესხი?

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 27356 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1112,0 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 მარტიდან 1 აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 3972-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 949,5 მილიონიდან 1112,0 მილიონ ლარამდე.

27356 ხელშეკრულებიდან 12042 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 149,2 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილისთვის 14.3% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 8251 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,6%-ში. მთლიანი პორტფელი კი 350,1 მილიონი ლარია.

2250 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 543,85 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 99,0 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,8%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აპრილის მონაცემებით 444,8 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,0%-ში.

 

შემცირდა ავტოსესხი

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 52 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 1709 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12,58%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 4761 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 67,2 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 აპრილის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 15,48%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

 

რამ გამოიწვია სესხების მკვეთრი ზრდა და რა უნდა გაკეთდეს?

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 219 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 14.6%-დან 12%-მდე შემცირდა. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ლარში გაცემული სესხების მკვეთრი ზრდა გამოწვეულია სესხის გალარების ერთჯერადი აქციით და 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის შეზღუდვით. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გამყარება მოსალოდნელია, შენარჩუნდეს სამრეწველო ფასების და ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები, რომლებიც ამ დროისათვის 9.1%-ს და 5.4%-ს შეადგენს. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პირობებში მოსალოდნელი იყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ერთი მხრივ მცირედით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა დადებითად აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზე.

 

მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი, 7 პროცენტი, ძალაში 2017 წლის 4 მაისიდან შედის. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს გაიმართება.

პოპულალურები