LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“3 000 ათასზე მეტი ვიდეოკამერის დაყენების შემდეგ, ჯარიმების რაოდენობა გაიზრდება”

101

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 000 ათასზე მეტი ვიდეოკამერის დაყენება იგეგმება. მისი თქმით, ტექნიკა უკვე შეძენილი და დამონტაჟებულია.

კამერების დამონტაჟების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი სამი თვის განმავლობაში, მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმების გაზრდას ელოდება.

“ვფიქრობთ, რომ ამ კამერების დამონტაჟების შემდეგ, პირველი სამი თვის განმავლობაში ჯარიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, სანამ მოქალაქეები ახალ სისტემას შეეგუებიან. შედეგად ამ სფეროში გვექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მანვე ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით, დღეს არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელიწადში 300 ათასი ვიდეოჯარიმა ფიქსირდება და ამ რიცხვის ზრდის პარალელურად იკლებს ჩაბარებული ჯარიმების რაოდენობა.

მისი თქმით, სისტემა “მოშვებულია” და დაახლოებით, ყოველი 100 ჯარიმიდან მხოლოდ 70-ის ჩაბარება ხდება.

“100-დან 30 მოქალაქე ახერხებს იმას, რომ სხვადასხვა მეთოდით არ ჩაიბაროს ჯარიმა. პარალელურად, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შსს წელიწადში დაახლოებით მილიონნახევარ ლარს ხარჯავს, ვიდეოჯარიმების ჩაბარების მიმართულებით, ასევე ხანმოკლეა ვიდეოჯარიმის ჩაბარების ვადა. ამ პრობლემების არსებობის პირობებში, აუცილებელია აღსრულების სისტემის გაუმჯობესება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ იქნება”, – აღნიშნა მან.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განმარტა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა სწორედ იმ მოტივით ხდება, რომ ვიდეოჯარიმების გადახდა უფრო ინტენსიურად მოხდეს.

საუბარია ახალ ინიციატივაზე: როექტი ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას.

კერძოდ, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს. თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება. აღსანიშნავია, აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში.

ნახე ამ თემზე “ფორტუნას” სტატია: 20%–იანი ფასდაკლება ჯარიმებზე და ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ვიდეოჯარიმებს ვეღარ “ჩამოიწერთ”

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები