LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ივნისს საზღვაო სეზონი იხსნება – როგორ ემზადება აჭარა ზაფხულისთვის?

3 ივნისს აჭარაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად იხსნება. უცვლელი სლოგანით “ზაფხული იწყება აქ” ბათუმში, ტურისტებს ანბანის კოშკთან ელოდებიან.

როგორც “ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განუცხადეს, 3 ივნისს, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, დილის 12 საათიდან ღამის 3 საათამდე, სპეციალური ღონისძიებებია ჩანიშნული.

საზღვაო ატრიბუტიკით გაფორმებული გარემო, ელექტრონული მუსიკა, უცხოელი მოცეკვავეები, სპორტული აქტივობები და სპეციალური ფასები მიმდებარე კაფე-რესტორნებში – ასეთი იქნება 2018 წლის ზაფხულის ფესტივალი.

არაოფიციალურად სეზონი უკვე გახსნილია

ეს რაც შეეხება ოფიციალური გახსნის ოფიციალურ ნაწილს, თუმცა არაოფიციალურად სეზონი აპრილის თვიდან უკვე გახსნილია და არც ბათუმი და არც აჭარის მთიანი მხარე ვიზიტორების რაოდენობას არ უჩივის.

წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, დიდი ყურადღება ექცევა აჭარის მთიანი ტურიზმის განვითარებას. როგორც “ფორტუნასთან” დეპარტამენტში აცხადებენ, იქმნება ისეთი ტურისტული მარშრუტები, რომლებზეც შესაძლოა ბათუმელებიც კი, არ იყვნენ ნამყოფი.

წელს მიმდინარეობს სამი მარშრუტის მარკირება:

  • ჩირუხი – ხიხანი – გოდერძის 3 დღიანი, სათავგადასავლო წრიული მარშრუტი;
  • გოდერძი – მწვანეტბა – შავიტბა – დანისპარაული;
  • ხულო – თაგო – სხალთა.

“ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს ვთავაზობთ მოინახულონ მთიანი აჭარაც. აჭარა მხოლოდ ზღვა არ არის და ვცდილობთ ეს ადგილობრივებმაც იცოდნენ.

მაგალითად სოფელ თაგოში ძალიან ბევრი ბათუმელიც შეიძლება არ იყოს ნამყოფი. ეს ულამაზესი სოფელია, რომელშიც ხულოდან საბაგიროთი გადადიხარ. აჭარული სახლები, ვიწრო ორღობეები… აჭარული სოფელი თუ გინდათ რომ ნახოთ, ამ სოფელს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ულამაზესია, ბუნებით, სახლებით და ადგილობრივებიც ძალიან სტუმართმოყვარეები არიან,” – განაცხადა “ფორტუნასთან” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მერი ემირიძემ.

 

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სერვისზე, ამ მხრივ საქართველოში, ჯერ კიდევ არ არის სასურველი დონე მიღწეული. თუმცა, წელს გადამზადდნენ როგორც გიდები, ასევე მთიანი აჭარის ტურისტული ობიექტების მეპატრონეები და თანამშრომლები.

 

ზღვის სანაპიროზე ისევ ფიქსირებული ფასები იქნება

რაც შეეხება ბათუმს, ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მათ კუთვნილებაში არსებულ ზღვის სანაპიროზე წელსაც ფიქსირებული ფასები იქნება 3+1 ლარი.

ამ ტერიტორიებზე საინფორმაციო ბანერებიც განთავსდება, სადაც ფასების შესახებ ინფორმაციის ნახვა სამ ენაზე იქნება შესაძლებელი.

 

550 ათასი ყვავილი ბულვარში 

ბათუმის ზღვისპირა ბულვარში ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სწორდება სანაპირო ზოლი, ახლდება ქანდაკებები და ირგვება ყვავილები. ბულვარის ტერიტორიაზე წელს 550 ათასი ყვავილი დაირგვება. ასევე, ცნობილია, რომ ძველი ბულვარის მიმდებარედ, პლაჟზე ჩასასვლელი საფეხმავლო ბილიკების განახლებისთვის 41 ათასი დაიხარჯება.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ წელს კიდევ უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან. იანვარი-აპრილის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით უკვე ტურისტების 28%-იანი ზრდაა დაფიქსირებული. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ტურისტები აჭარას სტუმრობენ, ტოპ ხუთეული არ იცვლება, თუმცა, ევროპის მხრიდანაც მნიშვნელოვანი მატებაა. მაგალითად, გერმანიიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.

თამთა უთურგაშვილი