LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლამდე ასაკის ბავშვის გადასაყვანად სპეციალური სავარძელი აუცილებელი ხდება

49

3 წლამდე ბავშვის ავტომობილით გადაყვანა მხოლოდ სპეციალური სავარძლით იქნება შესაძლებელი. ამასთან, სავარძლის არქონის შემთხვევაში, ბავშვი 16 წელზე მეტი ასაკის ადამიანმა უკანა სავარძელზე კალთაში უნდა ჩაისვას, თავად უფროსი პირს კი  კი ღვედი უნდა ეკეთოს.

აღნიშნულ ცვლილებებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელსაც დეპუტატებს ამ წუთებში შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი აცნობს.

ხუციშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა მხოლოდ სპეციალური სავარძლით ყოფილიყო დაშვებული. თუმცა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სავარძლის შეძენის ვალდებულება მოქალაქეებისთვის ფინანსური ტვირთი იქნებოდა და ალტერნატიულ ვერსიად პაკეტში განიხილება ბავშვის უკანა სავარძელზე, უფროსი ადამიანის კალთაში ჯდომა.

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენელი, ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, სამ წლამდე ბავშვი იჯდეს სპეციალურ სავარძელში, რადგან, კვლევების მიხედვით, დარტყმის მომენტში ბავშვის წონა ათმაგდება და მისი ხელით დაჭერა შეუძლებელია.

„სავარძლები არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფასის, ყველა ადამიანს, ვისაც ჰყავს მანქანა, შეუძლია შეიძინოს სავარძელი და გასათვალისწინებელია, რომ საკუთარი შვილის, ან ზოგადად – ბავშვის სიცოცხლე შეუფასებელია,“ – ამბობს ლალიაშვილი.

საბავშვო სავარძლის საშუალო ფასი საქართველოში, დაახლოებით, 200 ლარია.

 

თამუნა გოგუაძე