LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლის თორნიკე, რომელიც სამ ენაზე საუბრობს – როგორ გახდა ბავშვისთვის სწავლა თამაში

პატარა თორნიკე, რომელიც ქართულ ასოებს წლინახევრის ასაკიდან ცნობს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი, ძალიან პოპულარული გახდა.

„ფეისბუქზე“ უამრავი ადამიანი აღფრთოვანებულია მისი უნარებით და მისი მშობლებით. არიან ისეთებიც, ვინც მშობლებს პატარა ასაკში ბავშვის დატვირთვისთვის აკრიტიკებენ.

თუმცა, როგორც „ფორტუნას“ თორნიკეს დედამ მაიკო ბარნაბიშვილმა განუცხადა თორნიკემ ანბანი თავისით ისწავლა და ეს პროცესი სულაც არ ყოფილა სავალდებულო და რთული.

ბავშვის დედა ჩვენთან ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, შესაბამისად, თორნიკეს სხვა ენაზე მოუწევს განათლების მიღება და ქართული ენის სწავლა წინასწარ, მას არც მობეზრდება და ვერც სწავლის მოტივაციას დაუქვეითებს.

როგორც ირკვევა გარდა ქართული ანბანისა და ქართულად საუბრისა, თორნიკე  კარგად საუბრობს ესპანურად, და რუსულად, ასევე იცის ესპანური და რუსული ანბანის ყველა ასო. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ბუნებრივად, ეს სამივე ენისა მისი დედაენაა.

„თორნიკე არ ივლის ქართულ სკოლაში და არ მობეზრდება და მოსწყინდება პირველი კლასი იმის გამო, რომ ანბანი უკვე იცის. მაგრამ ეს იქით იყოს, ჩვენ არ გვისწავლებია ანბანი როგორც რაიმე აუცილებლად ახლა სასწავლი, და არც იმას ვთვლით რომ ბავშვმა მაინცდამაინც ანბანი, დათვლა, და არითმეტიკა რაც შეიძლება ადრე უნდა ისწავლოს. ყველაფერი ინდივიდუალურია.

ჩვენმა ინდივიდუალურმა სიტუაციამ, ცხოვრების და შვილებთან ურთიერთობის სტილმა, გარემოებებმა, და მიდგომებმა მოიტანა ის რომ თორნიკემ ანბანი უბრალოდ თავისით ისწავლა.

რამდენიმე თვის წინ მივიდა ბაღში და მის ლექსიკონს რამდენიმე ინგლისური სიტყვა და ასოც შეემატა უკვე.

ეს ამბავი ისეთი ბუნებრივია თვითონ თორნიკესთვის და ჩვენთვისაც, რომ არც ერთს არ გვგონია რომ რამე განსაკთრებულია ამაში.

თუმცა არც იმაში იქნება რამე განსაკთრებული, დავუშვათ თორნიკეს დამ (რომელიც ახლა წლის და 3 თვისაა) რომ სულაც არ გამოიჩინოს ინტერესი მაინცდამაინც ასე ადრე ასოების სწავლისადმი და რამე სხვა „თამაში“ უფრო მოეწონოს. კიდევ ერთხელ – ყველაფერი ინდივიდუალურია. ვიდეოებს არ ვიღებთ იმიტომ რომ გვგონია რომ რაღაც სასწაულს აკეთებს. ვიღებთ იმიტომ რომ შორს ვართ და მხოლოდ ვიდეოებით ვეკონტაქტებით თორნიკეს ბებიებს და ბაბუებს და გვინდა გავუზიაროთ ხოლმე ჩვენი “მნიშვნელოვანი მომენტები”. ჩვენთვისაც ვინახავთ, სამომავლოდ, რა თქმა უნდა“ – ამბობს მაიკო ბარნაბიშვილი.

ის ასევე ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად შვილებთან უამრავ დროს ატარებს, რომელიც სხადასხვა აქტივობითაა დატვირთული. თორნიკეს დედა იმ „თამაშებს და აქტივობებზეც“ ყვება, რომლის გამოც, ბავშვს ქართული ანბანის სწავლის ინტერესი გაუჩნდა.

„ყველა აქტივობაში რასაც ბავშვებთან ერთად ვგეგმავთ და ვაკეთებთ არის რაღაც “გასართობი + საგანმანათლებლო”. ვთამაშობთ ბევრს, მაგრამ იშვიათად ვთამაშობთ უბრალოდ თამაშისთვის, ამის ნაცვლად ვთამაშობთ ისე, რომ ეს გონებრივი ან ფიზიკური განვითარებისთვის იყოს გამიზნული. პირველი სათამაშო მანქანა თორნიკეს სათამაშოებში დაახლოებით 2 წლის ასაკში გაჩნდა, ისიც იმიტომ რომ დაბადების დღეზე აჩუქეს. სათამაშო თოფი დღემდე არ აქვს, იმიტომ რომ არაფერს ასწავლის. ამის ნაცვლად მისი სათამაშოების არსენალი თავიდანვე შედგებოდა სხვადასხვა ზომა-წონა-ფორმის ცხოველების, ფორმების, ფერების, კუბიკების, მაგნიტების, პირამიდების, და მსგავსი ნივთებისგან რაც სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში ეხმარება ბავშვს. მათ შორის იყო ანბანიც. და როგორც დავუშვათ მაცივრის მაგნიტი-ცხოველების თვალიერებით, მათი სახელების დამახსოვრებით გახმოვანებით და გამოცნობით ვერთობოდით ყოველდღე, ისევე ასოების თვალიერებით, მათი ფერებით და ფორმებით.

დაახლოებით 6 თვის ასაკიდან ყოველ დღე სისტემატურად და ბევრს ვკითხულობთ ჩვენი ბავშვებისთვის ორივე, ჩემი მეუღლეც და მეც. თორნიკეს თვითონ გაუჩნდა უფრო მეტი ინტერესი, რომ ნაცნობი ასოები მოეძებნა წიგნის ტექსტებში და სათაურებშიც, ანუ საკმაოდ ადრე დააკავშირა და დაინახა სად არის გამოყენებული მთელი ეს ასოები რითაც თამაშობს.

პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩვენც ზოგჯერ ვიყენებთ ინტერნეტს და ვუყურებთ/ვუსმენთ მედია კონტენტს. აქაც იგივე მიდგომა გვაქვს  – არასდროს ვიყენებთ ამ მასალას უბრალოდ ბავშვების ცოტა ხნით “დასასაქმებლად”. ამის ნაცვლად გამიზნულად ვარჩევთ რას გვინდა რომ უყურონ და ჩვენც მათთან ერთად ვუყურებთ/ვუსმენთ ზღაპრებს, სხვადასხვა სასწავლო ვიდეობს, სიმღერებს და მსგავს მასალას. სამწუხაროდ ქართულ ენაზე ბევრი კარგი საგანმანათლებლო ვიდეო არ გვაქვს. სამაგიეროდ რაც გვაქვს მათში ჭარბობს ანბანის ვიდეოები, რომლებიც მალე გახდნენ თორნიკეს ერთ-ერთი საყვარელი ვიდეოები. მოსწონდა რომ იქაც იგივეს ხედავდა რასაც ერთად ვაკეთებდით. ხშირად ვიდეოს პარალელურად ცდილობდა მოესწრო და მოეძებნა იგივე ასო. ამ ვიდეოების გავლენითვე მოგვიანებით ისწავლა რას ნიშნავს პირველი ასო სიტყვაში, ანუ ფიქრობდა რა სიტყვა იწყებოდა ყველა კონკრეტულ ასო-ბგერაზე. მერე დავიწყეთ ახალი ტიპის თამაშები – სახლშიც და გარეთაც ვეძებდით ყველა ასოზე სხვადასხვა ნივთებს და ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ვინ მეტ სიტყვას მოიფიქრებდა ამა თუ იმ ასოზე და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო/არის უბრალოდ თამაშის ერთ-ერთი სახეობა. არავის დაგვისვამს ბავშვი ანბანის “სასწავლად” როგორც ასეთი. უბრალოდ ისწავლა იმიტომ რომ ამით ვთამაშობთ და მოსწონს“ – ამბობს თორნიკეს დედა და აღნიშნავს, რომ ქართული ენისადმი მათ დამოკიდებულებას, აშშ-ში ყოფნა კიდევ უფრო ამძაფრებს.

თორნიკე ახლა უკვე სიტყვებსაც კარგად კითხულობს, ამის დასტურად მის კიდევ ერთ ვიდეოს გთავაზობთ.

თამთა უთურგაშვილი