LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნება

170

ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართება.

XIX საუკუნის მემორიალური შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ კალა-უბანში, ისტორიული ძეგლებითა და  მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით გამორჩეული  მნიშვნელოვანი ადგილია.  მუზეუმს ესაზღვრება VI საუკუნის ძეგლი – ანჩისხატის ტაძარი, თბილისის ერთ-ერთი კარის ნანგრევები, ბარათაშვილის თანამედროვე ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის საცხოვრებელი სახლი, გაგრძელებაზე – ერეკლე II-ის მოედანი, სადაც თავის დროს მდებარეობდა ბარათაშვილის დედის, ეფემიასა და ბიძის, გრიგოლ ორბელიანის ორსართულიანი სახლი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კარის წმ. გიორგის ეკლესია.

მუზეუმში დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, XIX ს-ის როიალი, მხატვრული ტილოები, პოეტის შემოქმედების გამოცემები (დაწყებული 1876 წლიდან), ფოტომასალა, სხვადასხვა კლასიკოსთა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი და სხვა დამხმარე მასალა. მუზეუმში თავმოყრილ ექსპონატთა შორის სავიზიტო მასალას წარმოადგენს ორი ფოტო – პოეტის მუზის – ეკატერინე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი „ცარსკოე სელოში“ და კლასიკური გიმნაზიის შენობა,  ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული, გამოცემული 1876 წელს; პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მოსაწვევი ბარათი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (21.10.1945 წ.) და სხვა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

სახლ-მუზეუმში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.

რეექსპოზიციის პროექტის მიზანია კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველი აქციოს დამთვალიერებლისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები