LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მილიონი ენერგეტიკისთვის – ნორვეგიამ საქართველოს გრანტი დაუმტკიცა

72

ნორვეგიის სამეფომ ენერგეტიკის დარგში 4 მილიონი დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა, – შესაბამისი მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატს შორის გაფორმდა.

მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მორთენ ჯონსინმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსმა თამარ ბაგრატიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადამიანური რესურსებისა მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ზიბზიბაძემ ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში ნორვეგიის სამეფო საქართველოს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის, ნორმატიული ბაზის შემუშავების და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით. ამ მიზნით, ნორვეგიამ გამოყო 4 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტი, რომელსაც საქართველო შემდეგი 4 წლის განმავლობაში მიიღებს.

„ნორვეგიასთან ენერგეტიკის სფეროში მჭირდო თანამშრომლობა გვაქვს. აღსანიშნავია მსხვილი ნორვეგიული ინვესტიციები საქართველოს ჰიდროპოტენციალის განვითარებაში. ნორვეგიული ინვესტიციებით ხორციელდება საქართველოში უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტები „აჭარისწყლისჰესი“ და „ნამახვანიჰესი“. ამ პროექტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში. მოხარული ვარ, რომ ენერგოსექტორში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განვითარება აქტიურად დგას ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში. ნორვეგიის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება გვეხმარება წარმატებით შევასრულოთ ჩვენს წინაშე არსებული ამოცანები ევროკავშირის ენერეგეტიკულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

აღნიშნული გრანტით, ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში. პირველი სტუდენტები ნორვეგიაში უკვე მიმდინარე წელს გაემგზავრებიან. გარდა ამისა, ხუთი მოკლევადიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩატარდება საქართველოს რამდენიმე საჯარო უწყების თანამშრომლებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ. ეს უწყებებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

ნორვეგიული მხარე ასევე, დაეხმარება საქართველოს ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესსა და წყლის რესურსების მენეჯმენტის მოდელირებაში. გრანტი, ასევე ითვალისწინებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების გზამკვლევის შემუშავება და საქართველოს ენერგოსისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობა თურქეთის ენერგობაზართან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები