LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლიანი სასწავლო გრანტი სტუდენტებისთვის გაუქმდება

77

2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი იცვლება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას ქარვასლაში შეკრებილ მთავრობის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს განუცხადა, უახლოეს მომავალში საზოგადოებას განათლების დაფინანსების ახალ მოდელს შესთავაზებენ.

მისივე თქმით, ამის განხილვაში როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

მინისტრის აზრით, დაფინანსების მოქმედი მოდელი დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. ამბობს, რომ ეს საკითხი თითოეული უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან ერთად აქვს განხილული. ახალი სისტემა, ჯეჯელავას აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული.

„შევეცდებით, ახალგაზრდები იმ პროფესიაში, იმ მიმართულებით დავაფინანსოთ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებიან. აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს. ეს კომპონენტი დღევანდელ სისტემაში გათვალისწინებული არ არის. მოგეხსენებათ, დღეს ერთხელ თუ მიიღო სტუდენტმა გრანტი, ის მას ბოლომდე მიყვება მიუხედავად აკადემიური შედეგებისა“,– განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ აღნიშნული სწორ მიმართულებებს არ წაახალისებს.

მინისტრი მიიჩნევს, რომ არ არის სწორი, როცა აბიტურიენტი ერთხელ მოემზადება, გრანტს მიიღებს ხოლო შემდეგ კი აღარ სწავლობს. ამ დროს კი, სხვამ, მინისტრის თქმით, შეიძლება, ეროვნულ გამოცდებში დაბალი ქულები აიღოს, მაგრამ შემდგომ უნივერსიტეტში „ძალიან მაგრად ისწავლოს“. სწორედ ამიტომ მიაჩნია მას დაფინანსების წესის აუცილებლად აკადემიურ მოსწრებაზე მიბმა.

კითხვაზე, თუ რამდენი ხნით მოპოვებულად ჩაეთვლება სტუდენტს ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული გრანტი – მხოლოდ ერთი წლით, თუ ერთი სემესტრით, მინისტრი პასუხობს, რომ „ორ თვეში გახდება ცნობილი, რა და როგორ იქნება.“

 

წყარო edu.aris.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები