LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40-ამდე კომპანია საკუთარი ხედვებით – თბილისი საქორწილო ფესტივალს მასპინძლობს

292

თბილისი საქორწილო ფესტივალს უმასპინძლებს. კომპანია „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, 29 აპრილს,  ყოველწლიური საქორწილო ფესტივალი Tbilisi wedding fair 2018 ჩატარდება. ფესტივალს მასპინძლობს აღმაშნებლის გამზირის 73 ნომერში მდებარე ილიას ბაღის კომპლექსი და მასში არსებული საღონისძიებო სივრცე Garden Hall-ი.

როგორც „ფორტუნას”„მეიდან ჯგუფიდან” აცნობეს, ფესტივალი დღის 2 საათზე დაიწყება, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნებიან: წამყვანი ივენთ კომპანიები, დიზაინერები, ფლორისტები, დეკორატორები, მხატვრები, ვიზაჟისტები, კონდიტერები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები და ამ სფეროს წარმომადგენელი სხვდასხვა კომპანიები. ისინი წარმოადგენენ თავიანთ საქორწილო და სადღესასწაულო ხედვებსა და 2018/2019 წლის ტენდენციებს.

„სტუმრებისთვის  დღის 5 საათზე  გაიმართება გათამაშება, სადაც წარმოდგენილი იქნება მონაწილე კომპანიების საჩუქრები, მათ შორის: სასტუმროს ორკაციანი ნომერი, ვაუჩერი სპა სალონისგან, სასაჩუქრე ნაკრები პარფიუმერული მაღაზიებისგან, ულიმიტო აბონემენტები ფიტნეს დარბაზისგან, ღვინო და ა.შ. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაიკეთონ მაკიაჟი და ვარცხნილობა უფასოდ, და მოაწყონ საკუთარი ფოტოსესია”, – განმარტავენ „მეიდან ჯგუფში”.

როგორც „ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორმა, ნათია ცეცხლაძემ განუცხადა, წელს საქორწილო ფესტივალი საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება. ”ამ წლების განმავლობაში გაიზარდა მოთხოვნა დიზაინერებზე, ივენთ კომპანიებზე, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი დღის გაფორმებაზე ზრუნავენ. შესაბამისად, გაიზარდა მსგავსი კომპანიების რიცხვიც. წინა წელს თუ ჩვენს ფესტივალში 25 კომპანია მონაწილეობდა, წელს მათი რიცხვი 40-ამდეა. რაც შეეხება მთავარ სიახლეს, რაც წელს გვექნება: გასულ წლებში აქცენტი ქეითერინგსა და სუფრის გაფორმებაზე კეთდებოდა, წელს კი განსაკუთრებულ აქცენტს დიზაინსა და დეკორაციებზე გავაკეთებთ. ნელ-ნელა ქორწილის ვიზუალური მხარე ქართველი მომხმარებლისთვის უფრო და უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ,  Tbilisi wedding fair  2018-ში მონაწილეების დიდი ნაწილი, სწორედ რომ დიზაინსა და ქორწილის დეკორაციებზე მომუშავე კომპანები იქნებიან”, – აღნიშნა ნათია ცეცხლაძემ.

საქორწილო ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს ახალდაფუძნებული ივნეთ კომპანია La Fete-ის (ლაფეტ) ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნია მოძმანაშვილიც.  

,,კომპანია la fete პირველად იღებს მონაწილეობას ფესტივალში. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელივანია ამ აქტივობაში მონაწილეობა. ეს ღონისძიება არის მოტივატორი, რომ არაერთი სიახლე შევთავაზოთ დამთვალიერებელს. რაც შეეხება კონკრეტულად იმ პროდუქციას, რომელსაც საქორწილო ფესტივალზე გამოვიტანთ, ჩვენი კომპანია წარმოადგენს ნაწილს იმ დეკორაციებისა, რომელიც შეიქმნა ჩვენი პოტენციური მომხმარებლისთვის, ამიტომ მათი შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია”, – განუცხადა ”ფორტუნას” ნია მოძმანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს გააფორმებს ცოცხალი მუსიკა და DJ, რომლებიც იზრუნებენ სტუმრების განწყობაზე, ხოლო დღის ბოლოს – 8 საათზე გაიმართება ღია კინოჩვენება, ბაღში არსებულ კინოთეატრში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები