LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

41 რაიონში უძრავი ქონების შესახებ მონაცემები უკვე ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი

375

41 რაიონში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში უკვე განთავსდა. ამის შესახებ  „ფორტუნას“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

შეიქმნა ელექტრონული სააღრიცხვო ბარათები, რომელბიც შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და რით არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.).

საჯარო რეესტრი რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ამჟამად არქივირების პროექტი დამატებით  3 რაიონში – კასპში, ჩოხატაურსა და ბათუმში მიმდინარეობს.

არქივირების პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა.

პროექტზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 73  თანამშრომელი დაასაქმა. მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 102 თანამშრომელია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ. მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა.

2015 წლის მდგომარეობით არქივირების პროექტის შედეგად სულ 34 996  ბაინდერია დამუშავებული, დასამუშავებლების რიცხვი კი 23 080  ბაინდერს შეადგენს.

დასამუშავებელი მასალის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება 2017წლისთვის არის დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები