LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

42-ე სკოლის კურსდამთავრებულმა „ნასას“ კონკურსში გაიმარჯვა და ახალი თვითმფრინავის მოდელი შექმნა!..

128

ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი მჭედლიშვილმა დიდ წარმატებას მიაღწია, ამის შესახებ სკოლის „ფეისბუქ“-გვერდიდან შევიტყვეთ. გთავაზობთ სრულ ინფორმაციას მიღწეული წარმატების შესახებ.

„კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის 22 წლის სტუდენტმა – გიორგი მჭედლიშვილმა, თანამოაზრე პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად შეიმუშავა სრულიად ახალი ძრავებისა და ფიუზელაჟის მომავლის თვითმფრინავის მოდელი, რომელმაც ნასას მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 2017 წლის 26 სექტემბერს მიწვეულნი არიან NASA -ს სათაო ცენტრში პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაზე.

„გრიფონის“ იდეის ავტორები არიან გიორგი მჭედლიშვილი და მისი თანაკურსელი – ილონ გორდონი.

„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის NASA -ს მიერ ჩვენი ტექნიკური ნაშრომის აღიარება. „კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის“ გუნდმა გაიმარჯვა NASA -ს აერონავტიკის გამოწვევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის გუნდები. ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს. საუბარია ამ მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში. კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდმა აღნიშნულ გამოწვევაში პირველად მიიღო მონაწილეობა და ძალიან სასიხარულოა ჩვენი გულწრფელი ენთუზიაზმის ამ ფორმით დაფასება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის და რწმენისთვის, რომ შეგვეძლო ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. დიდი ინტერესით ველოდებით ჩვენი პროექტის პრეზენტაციას NASA -ს სათაო ცენტრში 26 სექტემბერს“ – აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები