LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4,5 მილიონი ბაღებში ბავშვთა კვებისთვის – მერია „ნილთან“ ითანამშრომლებს

82

თბილისის მერია საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიან ხელშეკრულებებს აფორმებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, კვებითი მომსახურებისთვის ხელშეკრულება შპს „ნილთან“ გაფორმდება.

ბენდელიანის თქმით, სხვა პრეტენდენტებისგან განსხვავებით, შპს „ნილის“ შეთავაზება მერიისთვის მისაღები მომსახურების დაბალი ღირებულების გამო გახდა.

„როგორც იცით, დედაქალაქის მერიას ბაღების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვის პროცედურა ორ ნაწილად იყო გაყოფილი, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული საბავშვო ბაღებისთვის. ერთ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაღებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. სამი პრეტენდენტი იყო და ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, ამ ნაწილში შევარჩიეთ, იმ პრეტენდენტებიდან ერთ-ერთი, ვისაც უმცირესი ფასი ჰქონდა წარმოდგენილი. ეს არის კომპანია „ნილი“ და მასთან მოხდება ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროზე არსებულ საბავშვო ბაღებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი. აქ არ არის შეწყვეტილი ტენდერი, მაგრამ იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში სწავლა უნდა დაიწყოს 15 იანვარს, ვიხელმძღვანელეთ იგივე პრინციპით. ამ ტენდერშიც შპს „ნილის“ ფასი იყო შედარებით დაბალი, ამიტომ მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებსაც ერთი თვის განმავლობაში შპს „ნილი“ მოემსახურება, ბავშვების კვებას რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნას. აღნიშნული კომპანია შევარჩიეთ იმის გამო, რომ მას კვებით მომსახურების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ეს ინფორმაცია ატვირთულიც არის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ამავე დროს, ჩვენი უმთავრესი კრიტერიუმის გამოც – დაბალი ფასისთვის. დღეის მდგომარეობით გაფორმებული ერთთვიანი ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია „ნილის“ მომსახურება 4,5 მილიონი ლარს შეადგენს. „ნილი“ ერთი თვის განმავლობაში 171 ბაღს მოემსახურება მთელი დედაქალაქის მასშტაბით“, – აღნიშნა ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ შპს „ნილს“ ასევე მოგებული აქვს უფასო სასადილოების კვებით მომსახურების ტენდერიც, თუმცა, ბენდელიანი განმარტავს, ამ ტენდერში გამარჯვებული მხოლოდ შპს „ნილი“ არ არის.

„დავაზუსტებ, რომ მხოლოდ „ნილი“ არ არის თბილისის 10-ვე რაიონის მუნიციპალური სასადილოების კვებით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული, არიან სხვა კომპანიებიც. ყველგან „ნილი“ რომ არ არის გამარჯვებული, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ამასთანავე, ტენდერები არის მაქსიმალურად გამჭვირვალე“, – განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილე უარყოფს ინფორმაციას, რომ კომპანია „ნილთან“ დაკავშირებით პროკურატურაში საქმის წარმოება მიმდინარეობს. როგორც ის აღნიშნავს, 2017 წელს, პროკურატურას გიორგი ვაშაძემ მიმართა უფასო სასადილოებში კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესასწავლად, თუმცა, ეს არ ეხებოდა კომპანია „ნილს“.

„ჩემი ინფორმაციით, პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის წარმოება სასადილოების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით შედეგები არ არის. მაგრამ ეს საქმის წარმოება არ არის კონკრეტულად „ნილთან“ დაკავშირებით. ვისი პასუხისმგებლობა დადგება, ან დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა საერთოდ, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები