LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფილმი ქალის „დამღუპველ“ სილამაზეზე

რა თქმა უნდა, ყველა ქალი უნიკალურია, მომხიბვლელი და თავისებურად ლამაზი, თუმცა არსებობს ქალთა განსაკუთრებული კატეგორია, რომელთა დანახვაზე მამაკცები თავს კარგავენ, სამყარო კი, ქედს იხრის მათ წინაშე. ლამაზმანები ერთნაირი წარმატებით შთააგონებენ და ღუპავენ შემომქმედებს, მათ შორის რეჟისორებსაც, რომლებიც ბრწყინვალე ფილმებს ქმნიან ქალის სილამაზეზე.

 „ჯია“ – ბიოგრაფიული დრამა 1970-იანი წლების ფოტომოდელის ჯია მარი კარანჯის ცხოვრებაზე. სცენარი თავად კარანჯის დღიურებისა და ახლო მეგობრების გულახდილი მონათხრობის მიხედვით დაიწერა. 70-იანი წლების ბოლოს ჯიამ, რომელიც პატარა კაფეში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, მსოფლიო პოდიუმის დედოფლის ტიტული შეიძინა, თუმცა საბოლოოდ სწორედ თავბრუდამხვევ კარიერასა და მოულოდნელ წარმატებას შეეწირა.

„მილენა“ – ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება პატარა სიცილიურ ქალაქში, სადაც ლამაზმანი მილენა ქმართან ერთად გადაბარგდა. ქალაქის ბინადარი მამაკაცებს უსაზღვროდ უყვარდებათ მილენა, ეჭვიანობითა და შურით შეპყრობილ ქალებს, კი, საშინლად სძულთ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მილენა იძულებულია დამოუკიდებლად ისწავლოს ცხოვრება, რაც არც ისე მარტივია, რადგან ჭორიკანა ქალბატონებმა უკვე გავრცელეს ბინძური ჭორები, რაც ხელს უშლის მილენას ღირსეული სამუშაოს პოვნაში.

 „თეთრი ოლეანდრი“ – დედისა და ქალიშვილის ბედნიერ, უდარდელ ცხოვრებას იდუმალებით მოცული ბარი კოლკერი არღვევს, რომელსაც ასაკოვანი ქალბატონი უყვარდება, თუმცა მალე ტოვებს. ღალატით გულგატეხილი ქალი ვერ ერევა განცდებს და ყოფილი საყვარლის მოწამვლას გეგმავს. დედის სასოწარკვეთილი მოქმედება ნეგატიურად აისახება ქალიშვილზეც, რომელსაც ვერც საკუთარი სილამაზე შველის.

„უდაბნოს ყვავილი“ – ვარის დირიე 13 წლის სომალელი გოგონაა, რომელიც სამშობლოდან გამოქცეული მხოლოდ საოცრების წყალობით ხვდება ლონდონში, სადაც საკუთარი სილამაზის წყალობით სწრაფად აღწევს წარმატებას სამოდელო ბიზნესში. თუმცა, საინტერესოა მოუტანს თუ არა ვარისს ბედნიერებას მოულოდნელი წარმატება და დიდება?

„თავი ღრუბლებში“ – ახალგაზრდა მორიდებულ მამაკაცს, ამოუცნობი ლამაზმანი ახვევს თავბრუს. გაის სამუდამოდ უყვარდება გილდია, თუმცა ბედსიწერა ხან ახვედრებს წყვილს, ხან აშორებს და არ აძლევს ბედნიერებით ტკბობის უფლებას. ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება, როცა პერსონაჟები იძულებული არიან  საკმაოდ მძიმე არჩევანი გააკეთონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები