LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც ქართველები ვუშვებთ – რჩევები ეტიკეტის სპეციალისტისგან

177

„თბილისის ეტიკეტის სკოლა“ ერთი წელია, რაც არსებობს. მისი ხელმძღვანელი, ნინო ახალაია გვესაუბრება იმ გავრცელებული შეცდომების შესახებ, რომლებიც ნებისმიერ ქართველს შეიძლება მოუვიდეს…

პირველი შეცდომა: საჩუქრის არასწორი შერჩევა.

საჩუქრის მირთმევის წესი ასეთია, ის აუცილებელია მხოლოდ დაბადების დღეზე, თუმცა თუკი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ოჯახში ნებისმიერი სტუმრობისას მიხვიდეთ საჩუქრით. საჩუქარი სტუმრის თანდასწრებით უნდა გაიხსნას, თუმცა ისე, რომ არ დავარღვიოთ მეორე წესი, ანუ არ დავტოვოთ სტუმარი უყურადღებოდ. ამიტომ თუკი ბევრი სტუმარი ერთდროულად შემოვიდა, ჯერ მათ უნდა მივაქციოთ ყურადღება, საღამოს განმავლობაში კი საჩუქარს მივუბრუნდეთ, გავხსნათ და მადლობა გადავუხადოთ მას, ვინც გვაჩუქა.

არსებობს რამდენიმე უნივერსალური საჩუქარი ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც ნაკლებად ნაცნობ ადგილას მივდივართ სტუმრად, მაგალითად, ყვავილები, ძვირფასი სასმელი ან ტკბილეული, თუმცა აქაც უნდა გაითვალისწინოთ, ხომ არ აწუხებს მასპინძელს დიაბეტი ან ხომ არ აქვს ალერგია ყვავილებზე…

აკრძალულია პირადული საჩუქრები, მაგალითად, მამაკაცისთვის პერანგი, რასაც ხშირად ჩუქნიან საქართველოში და ქალისთვის სუნამო. პერანგიც და სუნამოც ადამიანს ოჯახის წევრებმა უნდა უყიდონ, მათ, ვინც კარგად იცნობს მათ გემოვნებას. ასევე არ არის სასურველი, ადამიანს უყიდოთ მინიშნების შემცველი საჩუქრები, როგორიცაა ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი ან წიგნი: „როგორ გავხდეთ 10 დღეში“ (იღიმის).

ბიზნესში ეს კიდევ უფრო საფრთხილო საქმეა. ბიზნესპარტნიორს არ უნდა აჩუქოთ არც ძალიან ძვირად ღირებული საჩუქარი და არც სიმბოლური. მისთვის უნდა შეარჩიოთ საჩუქარი მისივე ინტერესის გათვალისწინებით.

საქართველოში ხშირად კორპორატიულ საჩუქრებსაც არასწორად არჩევენ – ძირითადად, ყველა კომპანია აგზავნის კალმებსა და ბლოკნოტებს თავისივე ლოგოთი. ეს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნდა გათვალოს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი ისედაც მიხვდება, რომ სხვა კომპანიაში მომუშავე ადამიანი ამ ბლოკნოტითა და კალმით არ ისარგებლებს.

ყვავილების მირთმევაც არ არის ადვილი საქმე. უნდა გაითვალისწინოთ ადრესატის გემოვნება. რაც უფრო დიდია იუბილარი, მით უფრო გაფურჩქნილი უნდა იყოს ყვავილები, ასეთია წესი. და კიდევ ერთი, არასდროს შეარჩიოთ საზეიმო თარიღისთვის თეთრი ფერის ყვავილი, რადგან, როგორც წესი, ის სამგლოვიაროდ გამოიყენება.

მეორე შეცდომა: ნუ შესთავაზებთ ქალბატონებს მათი ხელჩანთის დაჭერას!..

მამაკაცები ხშირად სთავაზობენ ქალებს მათი ხელჩანთის დაჭერას, ეს ქალების ბრალიცაა, რადგან ზოგჯერ შეწუხებული სახით უკავიათ ხელჩანთა (იღიმის). ეტიკეტი გვკარნახობს, რომ ქალმა მამაკაცს არ უნდა აგრძნობინოს, რომ ხელჩანთას ვერ ატარებს და მამაკაცმაც არ უნდა შესთავაზოს დახმარება ამ შემთხვევაში.

მესამე შეცდომა: ნუ დაიდებთ ხელჩანთას მუხლებზე!..

ხელჩანთას თავისი განთავსების წესი აქვს. საქართველოში ხშირად ქალბატონები მას ან მუხლებზე დებენ, ან სკამზე, რაც არ არის რეკომენდებული. ხელჩანთა, იდეალურ შემთხვევაში, სკამის საზურგეზე უნდა გადაიკიდოს, თუმცა თუ მას არ აქვს შესაბამისი სიგრძის ჩამოსაკიდებელი, შეგიძლიათ დადოთ იატაკზე. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით არ გვხვდება სპეციალური კაუჭები, სადაც ხელჩანთების ჩამოკიდებაა შესაძლებელი.

მეოთხე შეცდომა: ქოლგის არასწორად მოთავსება.

შეცდომაა, როდესაც დაწესებულებაში ან ოჯახში მიდიხართ და ქოლგას იქვე გაშლით და გასაშრობად დადებთ. ის უნდა დადოთ სპეციალურ სათავსოში, რომლებიც ხშირად არის დაწესებულებებში, თუკი ოჯახში ხართ, უნდა დაკეცოთ და სადმე ჩამოკიდოთ.

მეხუთე შეცდომა: ნუ სთხოვთ სტუმარს ფეხზე გამოცვლას.

ამ შეთავაზებას მასპინძლები ხშირად იმით ამართლებენ, რომ პატარა ჰყავთ, მაგრამ სტუმარს არც ამ შემთხვევაში უნდა დავავალდებულოთ ფეხზე გამოცვლა. მას უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ, თუკი ოთახის ჩუსტებს ან ფეხშიშველი სიარულს შევთავაზებთ.  

_IG_5660

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები