LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მკვლელობა, 9 დაჭრა, 3 თავდასხმა, 4 დაყაჩაღება და ა.შ. – იანვრის პირველი 2 კვირის დანაშაულის სტატისტიკა

5 მკვლელობა, 9 დაჭრა, მათ შორის არის 1 პოლიციელი, 3 თავდასხმა და 4 დაყაჩაღება, საიდანაც 1 უცხოელი ბიზნესმენია  – ეს პირველიდან 17 იანვრამდე მომხდარ კანონდარღვევათა არასრული სტატისტიკაა.

2018 წლის პირველიდან 17 იანვრის ჩათვლით საქართველოში კანონდარღვევის 51 ფაქტი გამოვლინდა. ეს ფაქტები კი რამდენიმე კატეგორიად განაწილდა, კერძოდ: მკვლელობა,  ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ფიზიკური დაპირისპირება, ოჯახური ძალადობა,  ადამიანების გაუჩინარება, ავტოსაგზაო შემთხვევა,  ქურდობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,  შენახვა და ტარება, არადეკლარირებული ნივთების საქართველოში შემოტანა, ნარკოდანაშაული და ყალბი ფულის გასაღება.

 

მკვლელობა

განსაკუთრებით მძიმე  15 იანვარს თბილისში ცოლ-ქმრის  მკვლელობის ფაქტი იყო. ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, გარდაცვლილთა მეზობლების თქმით, მაღაზიის დაყაჩაღება გახდა.

რეზონანსული აღმოჩნდა 14 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის, ყოფილი პარლამენტარისა და გენერალის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაც.  ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეების თქმით, ვინაიდან მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ, მკვლელობა, სავარაუდოდ, მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.

ბოლო ორი შემთხვევა კი ადამიანების გაუჩინარებასთანაა კავშირში.  11 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში გაუჩინარებული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა კეკელია ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე რიონში გადააგდეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ 9 იანვარს თბილისში მოკლული 25 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული. გარდაცვლილის ცხედარი მტკვრის ნაპირას იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ახალგაზრდა კვირაზე მეტხანს დაკარგული იყო და მას ოჯახი ეძებდა.

 

სხვა დანაშაულთა ნუსხა კი ქრონოლოგიურად ასე გამოიყურება:

1-17 იანვრის პერიოდში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 4 შემთხვევა მოხდა. 16 იანვარს ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენეს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

13 იანვარს წერეთლის გამზირზე, კლუბ “ბასიანთან”, 3 კაცი დაჭრეს, მათ შორის 1 პოლიციელი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მამაკაცს ჭრილობა დანით მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. პოლიციამ დაჭრაში ბრალდებული პირი მალევე დააკავა. რაც შეეხება დაჭრილს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამავე დღეს, ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. კონფლიქტი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც ბარში შესვლას ცდილობდნენ.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

5 იანვარს ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბერძნის ქუჩაზე გვიან ღამით დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ნახეს, რომ ერთი პირის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.  ბოროტმოქმედის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.

 

 ფიზიკური დაპირისპირების 2 შემთხვევა გამოვლინდა.

ხაშურის ცენტრში, მშენებარე კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ სასადილოში ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაჭრეს.  შემთხვევა 14 იანვარს მოხდა.  მოზარდებს დაზიანებები ბასრი საგნით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდათ.

11 იანვარს უფლებადამცველ ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. კუპრავას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის მეუღლესთან და შვილთან ერთად სადარბაზოში შედიოდა. ზვიად კუპრავასთან ერთად დაშავებულია მისი მეუღლეც. კუპრავას ცივი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული, მის მეუღლეს კი ხელი აქვს მოტეხილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ გადაუდებელი დახმარება გაეწიათ.  თავდამსხმელის ვინაობა ზვიად კუპრავასთავის უცნობია, თუმცა ის მომხდარს მის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს.

 

ამავე პერიოდში 3-ჯერ დაფიქსირდა ოჯახური ძალადობა

13 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე რუსთავში დააკავეს.  ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

ამავე დღეს სამართალდამცველებმა მოქალაქე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.  ბრალდებულმა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს და მის მეგობარს დროებით საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა. ძალადობის მსხვერლის თქმით, ყოფილი ქმარი სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მას და ოჯახის დანარჩენ წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა, გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლდა.
გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. დეა გოშხეთელიანს და მის მამას ტვინის შერყევა აქვთ. ასევე, გოშხეთელიანის მამას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ტვინის შერყევისა, გოშხეთელიანის მამას ცხვირიც აქვს გატეხილი. ბრალდებული პირი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

საკვლევ პერიოდში 2 ადამიანი გაუჩინარდა

15 იანვარს ფოთში 54 წლის ქალს ეძებდნენ. ნაზი მარშავა მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მას მეზობლები პატრონობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, დაკარგულ ქალბატონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.  ნაზი მარშავას სამართალდამცველებთან ერთად ადგილობრივებიც ეძებდნენ.

9 დღეა,  ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში 28 წლის ამირან ბარბაქაძეს ეძებენ. ახლობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი ნასვამი იყო და მათი ვარაუდით, ის მდინარე დუმალაში გადავარდა, რადგან ქურთუკი, რომელიც მას ეცვა, მდინარის ნაპირზე იპოვეს. ადგილობრივების თქმით, 9 იანვრის ღამეს მდინარე ადიდებული იყო. მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა კანონდარღვევებს, 1-17 იანვრის პერიოდში გამოვლინდა 11 ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობის 5 შემთხვევა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,  შენახვა და ტარების 4 შემთხვევა, არადეკლარირებული ნივთების საქართველოში შემოტანის 5 შემთხვევა, ნარკოდანაშაულის 9 შემთხვევა, ყალბი ფულის გასაღების 6 შემთხვევა.

 

მასალა მომზადებულია მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები