LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა, თუ როგორ მოვუაროთ ოთახის ყვავილებს ზამთარში

ქოთნის ყვავილები, სპეციფიკიდან გამომდინარე, წელიწადის სხვადასხვა სეზონზე განსხვავებული მეთოდით ითხოვენ ზრუნვას. ნუგზარ კომელაშვილი წლებია, კაქტუსების კოლექციას აგროვებს და, ზოგადად, ოთახის მცენარეების მოვლითაა გატაცებული. სწორედ მისგან ვიგებთ, რომ ზამთარში ძირითადი მცენარეები ისვენებენ და პასიურ მდგომარეობაში გადადიან.

კომელაშვილი “ფორტუნას” მკითხველს ურჩევს, რომ მცენარეების ისეთი ინტენსივობით მორწყვა, როგორც გაზაფხულსა და ზაფხულშია, საჭირო აღარაა. მეტიც, მისი თქმით, მცენარის ქოთანი ზამთარში აუცილებლად გაშრობამდე უნდა მივიდეს, თუმცა ყველა მცენარე მაინც ინდივიდუალურია, ზოგი მათგანი შესაძლოა, ძალიან გადაშრეს და გაფუჭდეს.

 

როგორ მოვრწყოთ ქოთნის მცენარეები

– მორწყვა, ძირითადად, ორი მეთოდით ხდება: წყალს ან თავად მცენარეს ვუსხამთ, ან იმ ჭურჭელში ვასხამთ, რაზეც ქოთანი დევს. არსებობს ბოლქვოვანი მცენარეები, ვთქვათ, ციტრანები, მათ წყალი თეფშიდან უნდა მივაწოდოთ, მაგრამ თუ ზემოდან მოვრწყავთ, ბოლქვზე, სადაც ფოთლები ამოდის, წყალი არ უნდა დაესხას, გარშემო უნდა მოირწყას.

ამავე მეთოდით ირწყვება იებიც. თუ ადამიანი დახელოვნებულია მორწყვის მეთოდებში, შეიძლება, ზემოდან ისე მორწყას მცენარე, რომ არ დააზარალოს. იის შემთხვევაში, მისი მორწყვისას ფოთოლი არ უნდა დასველდეს. ასეთ დროს მცენარეს ლაქები უჩნდება. მისი მორწყვა ძალიან საფრთხილოა, ამიტომ გადაწყვეტენ ხოლმე, რომ წყალი ქვემოდან მიაწოდონ. მცენარე რომ გაფუჭდეს, იმას არ ნიშნავს, რომ ამის მიზეზი მაინცდამაინც ზემოდან მორწყვაა.

ფიკუსისა და ბენჟამინის მორწყვა მეტ-ნაკლებად სპეციფიურია. დამკვიდრებულია აზრი, თითქოს ამ მცენარეებს ძალიან ხშირად უყვართ მორწყვა, მაგრამ ზედმეტმა სითხემ შესაძლოა, გააფუჭოს ისინი. ამიტომ, სასურველია, ნიადაგი გაშრობამდე მივიდეს. ზამთრის პერიოდში, როდესაც ოთახში გამათბობელს ვრთავთ, სასურველია, მცენარე გამათბობელთან ახლოს არ იყოს და დღეში ერთი-ორჯერ მაინც, დღის საათებში, წყალი შევასხუროთ.

 

სად უნდა განვათავსოთ ქოთნის ყვავილები?

 

– ესეც მცენარის ინდივიდუალურობაზეა დამოკიდებული. ვისაუბროთ მცენარე პახირაზე, რომელიც, მაგალითად, ოთახის სიღრმეში უნდა დაიდგას. პალმახოვია შეიძლება ოთახის სიღრმეში და არა მაინცდამაინც ვიტრაჟებთან განვათავსოთ. არის მცენარეები, რომლებიც აუცილებლად ვიტრაჟებთან ახლოს უნდა იყოს. ქოთნის მცენარეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავდგათ გამამთბობლებთან ახლოს.

როგორ მოვუაროთ კაქტუსს?

– კაქტუსს სექტემბრიდან მორწყვა უნდა შევუმციროთ. ოქტომბრიდან, ფაქტობრივად, საერთოდ აღარ ვრწყავთ, უკვე ნოებრიდან შეიძლება მცენარეს ლოკაცია შევუცვალოთ. ამ პერიოდში მცენარის ზრდა შეჩერებულია, თუმცა მაინც გრილ ადგილას უნდა მოვათავსოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე ეტიმოლოგიურად უდაბოში მოდის და ცხელ ჰავას შეჩვეულია. თუ მცენარე მზიან და თბილ ადგილას დავდგამთ, სასურველია, თვეში ერთხელ მოირწყას. თუ კაქტუსს გრილ ადგილას გამოვაზამთრებთ, მას აპრილამდე მორწყვა აღარ დასჭირდება.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ქოთნის მცენარე კონდინციონერისგან ან გამათბობლისგან დაჭკნა?

მცენარის გადარჩენის შანსი ყოველთვის არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, მცენარე არ მოკვდა, არ გაფუჭდა, ან არ გახმა. უამრავი საშუალება და ვიტამინი არსებობს სიტუაციის გამოსასწორებლად, სტიმულაციისთვის, იმუნიტეტისთვის. პირადად მე ქიმიურ პრეპარატებს თავს ვარიდებ, არის ასეთი სახეობა – ეპინი, რომელიც მცენარეს იმუნიტეტის უძლიერებს, ასევე, ძალიან კარგია ქარვის მჟავა. ყველაზე მარტივი სახლის პირობებში გამოსაყენებლად წყალბადის ზეჟანგია. ეს საშუალება შეიძლება მცენარეს შევასხუროთ, მოვრწყათ, თითქმის ყველა მცენარისთვის წყალბადის ზეჟანგი უნიკალურია.

 

რაც შეეხება კრასულას, რომელსაც მოსახლეობა ფულის ხის სახელით იცნობს, არც მისი მოვლაა რთული. კრასულას დამტვერილი ფოთლები შეგვიძლია, წყალბადის ზეჟანგით დასველებული ბამბით გავწმინდოთ. უჩვეულოა, მაგრამ მცენარეებს ძალიან უხდებათ ლუდიც, რომელიც ფოთლებს ძალიან კარგად აპრიალებს. მცენარე თავად გვაჩვენებს, რა ინტენსივობით უნდა გავუსუფთავოთ ფოთლები ამ გზით. გასაწმენდად ხშირად რძეც გამოიყენება. რძე მცენარისთვის ერთგვარი საკვებიცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები