LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50-ლარიანი დეტექტორი, რომელიც გაზის გაჟონვისგან დაგიცავთ: იწარმოება საქართველოში

2685

საქართველოში ბუნებრივი აირისა და მხუთავი აირის – CO-ს ატმოსფეროს დეტექტორის წარმოება დაიწყო. პროდუქციას კომპანია AG-მიკროელექტრონიქსი უშვეს და ის სარეალიზაციო ქსელში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო მაზმიშვილმა განუცხადა, მოწყობილობა გაზის ან მხუთავი აირის ნამწვის საცხოვრებელ ფართში გაჟონვის შემთხვევაში, ავტომატურად იმოქმედებს და ცენტრალურ მილში ბუნებრივ აირს ჩაკეტავს. იმ შემთხვევაში თუ დეტექტორის მფლობელი სახლში არ იმყოფება, მას გამაფრთხილებელი შეტყობინება მიუვა. ამასთან, შეტყობინება გაიგზავნება გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრში.

”ეს არის სრულიად უნიკალური დანადგარი, რომელიც გაზის გაჟონვის გამო, სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს. ანალოგები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იწარმოება, თუმცა საქართველოში მათი რეალიზაცია ნაკლებად ხორციელდება. ამასთან, ქართულ დეტექტორს უცხოურებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. მაგალითისთვის, ის არის კომბინირებული და ბუნებრივი აირის და CO- ს გაჟონვის შემთხვევაშიც ამუშავდება.

ამასთან, ეს მხოლოდ დეტექტორი არ არის,  მასში ჩამონტაჟებული იქნება ჯი-ეს-ემ მოდული, რომელიც შეტყობინებას გაუგზავნის ბინის მეპატრონეს, იმ შემთხვევაში თუ სახლი დაკეტილია და ასევე 112-ს.  მას ასევე აქვს ცენტრალური გაზის მილის ჩამკეტი სარქველი, როგორც კი დეტექტორი დააფიქსირებს, რომ მომწამვლელი აირის კონცენტრაციამ მოიმატა ატმოსფეროში, მაშინვე ავტომატურად გადაიკეტება გაზის მილი “, –  აღნიშნა მაზმიშვილმა. 

მისივე თქმით, დეტექტორი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე სავაჭრო ქსელში გაიყიდება, ღირებულება კი 50 ლარამდე იქნება.

ცნობისთვის, კომპანია AG მიკროელექტრონიქსი 2014 წელს დაარსდა. საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში და აქ 50-ამდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია ამ ეტაპზე პირველ ქართულ ტელევიზორებსა და led-ნათურებს აწარმოებს. კომპანიამ ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოიწერა და მათი წარმოება 2016 წელს დაიწყო. ტელევიზორები რეალიზაციაში 2016 წლის 30 მაისს ჩაეშვა და იყიდება შემდეგ სავაჭრო ქსელებში: ”გორგია”, ”ალტა ოქეი”, ”მეტრომარტი” და ”მეგატექნიკა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები