LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ბავშვის ცემა

1887

ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ ჯიუტი ბავშვის ცემა, ჭკუის სწავლების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მართლაც, საკმარისია ერთი-ორჯერ წამოარტყათ ბავშვს და ის მაშინვე დამჯერი ხდება. თუმცა, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ფიზიკური დასჯა ნეგატიურად მოქმედებს მცირეწლოვანზე და სერიოზულ ტრავმას აყენებს მის ფსიქიკას.

* ბავშვი მიბაძვით სწავლობს – უფროსების მხრიდან ძალის სისტემატიურ გამოყენებას ბავშვი სწრაფად ეჩვევა, აბსოლუტურად ნორმალურად აღიქვამს და ზრდასრულ ასაკში საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად ისიც ძალადობას მიმართავს.

* ცემა ბავშვის თვითშეფასებას ამცირებს – მცირეწლოვანს არ შეუძლია გააზრება, რომ დასჯა მისი ცუდი ქცევის შედეგია და თვლის, რომ მხოლოდ იმიტომ სცემენ, რადგან მშობლებს არ უყვართ, რაც არასასურველი კომპლექსების გაჩენის მიზეზი ხდება და ხელს უშლის ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

* ცემა არაეფექტურია – შესაძლოა, დასჯის შემდეგ ბავშვი მართლაც დაგემორჩილოთ, თუმცა, არა იმიტომ რომ საკუთარ დანაშაულს გააცნობიერებს. მას უბრალოდ შეეშინდება, დაიბნევა და ყველანაირად ეცდება თქვენი სიყვარულის და კეთილგანწყობის დაბრუნებას, იმ შემთხვევაში კი, თუ ცემა სისტემატური გახდება, ბავშვი გადაწყვეტს, რომ თქვენი ამგვარი მოქმედება გარდაუვალია და არც საკუთარი შეცდომების გამოსწორებას მოისურვებს.

* ხელით შეხება მიუღებელია – ხელით შეხება ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობაა, რაც პროგრესულ საზოგადოებაში აბსოლუტურად მიუღებელია. წარმოიდგინეთ, რომ მცირე გადაცდომისთვის სამსახურში კოლეგა ხელით შეგეხოთ, რა თქმა უნდა ჩათვლით, რომ ეს არასწორია და შესაბამის ზომებსაც მიიღებთ. თუ თვლით, რომ სხვისი ამგვარი მოქმედება არასწორია, მაშინ რატომ ფიქრობთ, რომ თავად სწორად იქცევით?!

* საკუთარი უსუსურობის აღიარება – თუ ფიქრობთ, რომ ბავშვი მხოლოდ ფიზიკური დასჯის შემთხვევაშია დამჯერი, მაშინ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებოთ, რადგან თვითონ ვერ შეძელით მისი სათანადოდ აღზრდა.

* უნდობლობა მშობლების მიმართ – ხშირი ფიზიკური დასჯის შემთხვევაში, ბავშვი მშობლების ნდობას კარგავს, სიყვარული კი, ჯერ შიშში, მერე კი, სიძულვილში გადადის. ასე რომ, თვითონ განსაჯეთ რა გირჩევნიათ – დამჯერი ბავშვი, რომელსაც არ უყვარხათ, თუ ურჩი პატარა, რომელიც თქვენგან პირველ რიგში სიყვარულს, მერე კი, საკუთარი არასწორი მოქმედების ახსნას და ადექვატურ დამოკიდებულებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები