LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 საუკეთესო მიმართულება მათთვის, ვინც მაისში მოგზაურობას გეგმავს

152

მაისი საუკეთესო თვეა მოგზაურობისთვის, რადგან დღე მატულობს, ამინდი მშვენიერია, განწყობა კი, ფანტასტიკური, ნამდვილი საგაზაფხულო. სამოგზაუროდ გამგზავრება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება, რადგან მაისის თვეში მსოფლიოს ყველა ქალაქი განსაკუთრებით ლამაზი და მომხიბლავია.

დოდეკანესის კუნძულები, საბერძნეთი – ეგეოსის ლაჟვარდოვანი ზღვა და ანტიკური არქიტექტურა, მეზღვაურთა სოფლები და თეთრად შეღებილი პატარა სახლები –  დოდეკანესის 12 დიდი და მცირე ზომის კუნძული, საუკეთესო ილუსტრაციაა კლასიკური ტურისტული წარმოდგენისა კუნძულოვან საბერძნეთზე. ნამდვილი ბერძნული ცხოვრების გასაცნობად სტუმართმოყვარეობით განთქმულ, ვულკანოვან კუნძულ ნისიროსს ეწვიეთ, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ხელოვანთა შორის სარგებლობს, კუნძულ სიმიზე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში შეგიძლიათ ისადილოთ, პატმოსზე კი, ბიზანტიური არქიტექტურის ძეგლები დაათვარიელოთ.

მალტა – ხმელთაშუა ზღვაში, სიცილიასა და ტუნისს შორის ჩაკარგული მალტა ევროპული და აფრიკული კულტურის საინტერესოა ნაზავია, სადაც მაისის თვეში განსაკუთრებით სასიამოვნო ამინდია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დღისით ბრინჯაოსფერ ქვიშაზე, მზეზე ნებივრობით იჯეროთ გული, საღამოს კი, უძველესი არქიტექტურული ძეგლები და მეთევზეთა სოფლები შეისწავლოთ. თუ დრო საკმარისი გაქვთ, ევროპის ყველაზე პატარა დედაქალაქში – ვალეტაში გაემგზავრეთ, სადაც ტრადიციული მალტური სამზარეულო, ხმელთაშუაზღვის კოლორიტითაა „შეკმაზული“.

თელავივი, ისრაელი – პლაჟზე დასვენება და დატვირთული უქმეები ქალაქში – თელ-ავივს ორივეს შეთავაზება ერთნაირი წარმატებით შეუძლია. ვისაც კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა სურს, გეზი პირდაპირ იაფასკენ – უძველესი ისრაელის ყველაზე დასახლებული და მთავარი საპორტო ქალაქისკენ უნდა აიღოს.

ტოსკანა, იტალია – თუ ჯერ არ ხართ შეყვარებული იტალიაში, მაშინ კიანტის ღვინით განთქმულ ტოსკანაში გაემგზავრეთ, სადაც იტალიური ენა დაიბადა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის უამრავი ძეგლი აიგო – შუასაუკუნეების უმდიდრესი ვილებით დაწყებული, იტალიური რივიერას უძველესი დასახლებებით დასრულებული. აუცილებლად გაემგზავრეთ ფლორენციაში, სადაც სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნო სწორედ მაისის თვეშია.

სტამბოლი, თურქეთი – მაისში მოგზაურობა ბოლო შანსია დაათვარიელოთ გრილი და ნაკლებად დახუთული სტამბოლი, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ევროპული და აზიური კულტურა. აუცილებლად შეისეირნეთ სურნელოვანი სანელებლებით და საინტერესო სუვენირებით მდიდარ უძველეს ბაზარში, რომელიც „მშვიდობიანად ემეზობლება“ თანამედროვე ხელოვნების გალერეებს, მუძინას გალობას კი, რომელიც მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს, ღამის კლუბების ელექტრონული მუსიკა ეხმიანება.

ალგარვე, პორტუგალია – თუ ქათქათა თეთრი ქვიშის პლაჟზე გსურთ დასვენება, მაშინ ალგარვეს რეგიონში უნდა გაემგზავროთ, რომლის 200-კილომეტრიან სანაპირო ზოლს მდიდრული და კომფორტული სასტუმროები ამშვენებენ. მაისის პორტუგალიაში საკმაოდ თბილი ამინდია, ამიტომ თამამდ შეგიძლიათ გაირუჯოთ პლაჟზე და ინებივროთ ზღვაში, მით უფრო, რომ ტურისტული სეზონი მხოლოდ ივნისის თვეში იწყება და მშვიდად დასვენებაში ხელს არავინ შეგიშლით.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები