LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 გიდი მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადდა

476

აჭარაში გიდების გადამზადება დასრულდა. მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადებულ გიდებს სერტიფიკატები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გადასცეს. სერტიფიკატების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო ღოსნიძიებაზე საპატიო სტუმრად მყოფმა ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვმაც.

60 დამწყები და მოქმედი გიდი ინტენსიურ ტრენინგებს 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ორი თვის განმავლობაშიი გადიოდნენ.  თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა.

„მთიანი აჭარა დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის. შესაბამისად, გვესაჭიროება კვალიფიციური გიდები, რომლებიც ჩვენს ულამაზეს მხარეს ტურისტებს შეაყვარებს. მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ისინი არიან ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სახე. ამიტომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური და პროფესიონალი გიდი გვყავდეს რეგიონში. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანიც სწორედ გიდების კვალიფიკაციის ამაღლება იყო და ვფიქრობ, ის ინტენსიური ტრენინგ-კურსები რაც მათ გაიარეს აუცილებლად აისახება გიდების საქმიანობის ხარისხზე.  შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს მთიანი აჭარის ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული მარშრუტის გიდები, რაც წლების განმავლობაში იყო პრობლემა. საბედნიეროდ, დღეისთვის უკვე გვყავს ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებით გავუწევთ რეკომენდაციას წარმოაჩინონ ულამაზესი მთიანი აჭარა,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

მთიანი აჭარის გიდები დაცული ტერიტორიების, ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტების, ღვინისა და მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადნენ.  სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ტურისტული სააგენტოების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გარდა გიდების გადამზადებისა, წელს პირველად ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადაამზადა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს. რაც შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები