600–გრამიანი გადარჩენილი ბავშვი და ისტორიები, რომელთა გახსენებისას ექიმმა ემოციები ვერ შეიკავა

17

ბავშვთა ნეონატოლოგი ნინო სოლომონია გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეონატოლოგიური დეპარტამენტის ექიმებმა 600-გრამიანი ბავშვი გადაარჩინეს. ამ პოსტს საზოგადოების მხრიდან უამრავი სამადლობელი წერილი მოჰყვა. მალევე გაირკვა, რომ ამავე დეპარტამენტის ექიმებმა  24 კვირის ვადაზე დაბადებული გოგონაც გადაარჩინეს, რომელიც 750 გრამს იწონიდა. რადიო „ფორტუნა“ ესაუბრა გოგონას დედას, რომელმაც აღნიშნა, რომ ექიმების თავდაუზოგავი შრომის შედეგად დღეს პატარა თავს კარგად გრძნობს. გადაცემამ „სტუმრად ექიმთან” ამჯერად ამ ისტორიებისს მთავარ გმირს უმასპინძლა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო სოლომონიამ ამ ისტორიების გახსენებისას ემოციები ვერ შეიკავა. ექიმი დეტალურად მოჰყვა, როგორ იბრძოდა ის საკუთარ გუნდთან ერთად პატარების გადასარჩენად. ასევე გადაცემაში ნინო სოლომონიამ ნაადრევი მშობიარობის მიზეზებზე, დღენაკლული ბავშვების მოვლის თავისებურებებსა და ძუძუთი კვების უპირატესობებზე ისაუბრა და ახალგაზრდა დედებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა.

ქალბატონო ნინო, რა ძირთადი ფაქტორები იწვევს ნაადრევ მშობიარობას?

ნაადრევი მშობიარობა და მისი შედეგი, დღენაკლული ახალშობილი, დღევანდელ მსოფლიოში ძალიან რთული ტიპის პატარაა, რომლის გამოზრდაც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ნაადრევი მშობიარობის მხოლოდ ერთი მიზეზი არ არსებობს და არც ის ვიცით, როგორ ავიცილოთ თავიდან. არის ფაქტორთა ერთობლიობა, მაგალითად, რისკ ჯგუფში შედიან: ძალიან ახალგაზრდა დედები, ან 35 წელს ზემოთ დედები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, დაბალი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, როდესაც დედები ვერ ახერხებენ ანტენატალურ მეთვალყურეობას, მაღალი წნევა არა მხოლოდ ორსულობის პერიოდში, არამედ მანამდეც, ქრონიკული დაავადებები და ინფექციები, რომლებიც შეიძლება სრულიად არ იყოს ხილული.ზოგჯერ, გარკვეული მდგომარეობების დროს ხელოვნურად უწევთ ორსულობის შეწყვეტა და ჩნდება დღენაკლული ახალშობილი. დღენაკლულობაა ყველაფერი, რაც არის 37 კვირამდე. ახალშობილი, რომელიც 32 კვირამდე იბადება, არის ძალზედ დღენაკლული ახალშობილი, ხოლო მაშინ, როდესაც პატარა 28 კვირის ქვემოთ იბადება, ესტრემალურ დღენაკლულობასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა სხვადასხვა ვადაზე დაბადებული ახალშობილები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან, აქ საუბარია სიმწიფის ხარისხზეც, რამდენად ახლოს არის ის სიმწიფესთან და რამდენად შეძლებს იმ გარემოში გადარჩენას, რასაც ჩვენ ხელოვნურად ვუქმნით.

რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალშობილი, რომ ის სახლში გაიწეროს?

თუნდაც 36 კვირის ახალშობილი, რომელიც შეიძლება 2 400 გრამს იწონიდეს, არის დღენაკლული ბავშვი, მაგრამ შეიძლება სრულიად აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს და გაიწეროს სახლში. პირველ რიგში, პატარას არ უნდა ჰქონდეს არანაირი რისკ ფაქტორი. არის შემთხვევები, როდესაც დედას დიაბეტი აქვს, ამ დროს ბავშვი ნორმალური წონის არის, შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის ტემპერატურა, შეუძლია იკვებოს ძუძუთი, არ აქვს სუნთქვის უკმარისობის ნიშნები და ა.შ. თუმცა, მას მაინც სჭირდება გარკვეული მონიტორინგი, მაგალითად გაკონტროლდეს გლუკოზის მაჩვენებელი. 35-36 კვირის გესტაციის ვადაზე დაბადებული ბავშვები, რომლებიც მოგვიანებითი პერიოდის დღენაკლულ ახალშობილებად მიიჩნევიან და თითქოს მზად არიან საშვილოსნოს გარეთ ადეკვატური ზრდა-განვითარება შეძლონ, ეს ბავშვები მაინც მიეკუთვნებიან გარკვეულ რიკსის ჯგუფს და აქვთ წონასთან, სიყვითლესთან, წოვა-ყლაპვის კოორდინაციისთან, თერმოლაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები და აპნოეს ეპიზოდები. ეს მაჩვენებლები მათთან უფრო მაღალია, ვიდრე დროულ ახალშობილებთან. ყველა ასეთ პატარასთან უნდა მოხდეს ამ ფაქტორების გათვალისწინება და პედიატრთან ვიზიტი რაც შეიძლება მალე.

აშშ-ში ძალიან კარგი პრაქტიკა აქვთ, გაწერისას ყოველთვის იცის იმ ექიმმა რომელიც წერს, ვინ იქნება ბავშვის პედიატრი და როდის ნახავს მას. ყოფილა ჩვენთან შემთხვევები, როდესაც სამშობიაროდან გაწერისას, პირველივე კვირის ბოლოს ბავშვები ჩვენთან შემოსულან, და პირველი ჩივილი არის ის, რომ ბავშვი ვერ ინარჩუნებს ტემპერატურას, მივარდნილია, ვერ წოვს და ა.შ. და მიზეზი სწორედ დღენაკლულობაა. ეს ბავშვები მალე ეწერებიან ბინაზე ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიდან, რადგან მათ საბედნიეროდ აგრესიული ჩარევა არ სჭირდებათ.

რა უპირატესობა აქვს ძუძუთი კვებას როგორც დღენაკლული ახალშობილების, ისე დროულ ვადაზე დაბადებულ ბავშვებში?

მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ნეონატოლოგსა და პედიატრს უსაუბრია ამ თემაზე, მე მგონია, რომ რამდენჯერაც მოგვეცემა საშუალება, იმდენჯერ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, რომ გაიზარდოს იმ დედების რაოდენობა, რომლებიც პატარებს ძუძუთი კვებავენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც გადმოყავთ სამშობიარო სახლიდან ჩემს დეპარტამენტში ახალშობილი და დედა, რომელიც მოდის ჩვენთან, ამბობს რომ რძე აღარ აქვს ან უთხრეს, რომ რძე გაეშრო.

უამრავი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ ძუძუთი გაზრდილ ბავშვებში გაცილებით ნაკლებია ავადობის მაჩვენებლი, ალერგიის მაჩვენებელი, მაღალია ინტელქტუალური კოეფიციენტი, განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილებში ნაკლებია ნაწლავის ანთებითი გართულებები.


წვეთ-წვეთობით, მილილიტრობით ვაძლევთ ახალშობილს ამ უნიკალურ საკვებს. თუკი აქვს დედას საშუალება, საოცარი საკვებით გაზარდოს შთამომავლობა, ამაზე უარის თქმა დანაშაულია. არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მდგომარეობებისა, როდესაც დედას არ შეუძლია პატარას რძე მისცეს. ზოგიერთი დაავადება უკუჩვენებაა ამ დროს, ასევე ზოგიერთი მედიკამენტი გადადის რძეში და რისკია ხოლმე ამ დროს ძუძუთი კვება. შევხედოთ სხვა კუთხითაც – არ სჭირდება ყიდვა, გათბობა, გამზადება, მაღაზიაში წასვლა. ეს არის საუკეთესო შემადგენლობის მზა საკვები.

უცხოეთში გაცილებით მაღალია იმ დედების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც პატარებს ძუძუთი კვებავენ. საქართველოში ძალიან პოპულარულია ფრაზა სამ თვემდე ვაჭამე რძე, არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ლეგენდა. მანამდე, სანამ ჭამს ბავშვი, წლის განმავლობაში, ამაზე კარგს ის არაფერს არ მიიღებს. 6 თვემდე, ექსკლუზიურად მხოლოდ ძუძუთი კვებაზეც შეიძლება იყოს ბავშვი და ეს დაიცავს დედა–შვილს ბევრი პრობლემისგან. მე არ ვამბობ, რომ ხელოვნური ნარევი ცუდია, ის საოცარი რამ არის, რადგან შევძელით უამრავი ახალშობილი გამოგვეზარდა, მაგრამ არაფერი არ უახლოვდება დედის რძეს.

თქვენს დეპარტამენტში მხოლოდ დღენაკლული ბავშვები არ ხვდებიან, რა გართულებებითა და ჩივილებით მოჰყვათ თქვენთან პატარები?

ჩვენს დეპარტამენტში თავს იყრიან როგორც დედაქალაქის, ისე ქვეყნის მასშტაბით მძიმე ახალშობილები და აქ არ იგულისხმება მხოლოდ დღენაკლული ბავშვები. ჩვენთან ხვდებიან პატარები თანდაყოლი და შეძენილი პათოლოგიებით. მინდა ავღნიშნო, 2015 წელს ჩვენს კლინიკაში ძალიან კარგი კარდიოქირურგიული განყოფილება გაიხსნა. ხვდებიან ბავშვები, რომელებსაც აქვთ განუვითარებელი საყლაპავის მილი, რომელიც არ უერთდება კუჭს, ბავშვები, რომელბსაც არ აქვთ განვითარებული დიაფრაგმა, ანუ მათი გულმკერდი და მუცლის ღრუ არ არის ერთმანეთისგან გამოყოფილი, ბავშვები რომლებსაც თავის ტვინის განვითარების მანკები აქვთ, ბავშვები მრავლობითი სტიგმებით, ბავშვები გენეტიკური პათოლოგიებით – ყველა ეს პატარა თავს იყრის ჩვენს დეპარტამენტში.

სანამ თქვენთან მოვიდოდი, შემოიყვანეს პატარა თანდაყოლი ნაწლავური ანომალიით და დაინიშნა ოპერაცია, ის 24 საათისაც არ არის. ერთი წუთით რომ დაფიქრდეთ, ეს პატარა, უსუსრი ორგანიზმი რა ძლიერია და რამდენს უძლებს, ეს წარმოუდგენელია. ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, როდესაც მრავალკვირიანი, ზოგჯერ მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ ჯანმრთელად ეწერება და ერთი, ან ორი წლის შემდეგ ის თავად შემოდის განყოფილებაში, ვერ აგიხნით ეს რა გრძნობაა. თუ რამე გვაძლევს იმის ძალას, რომ მეორე დღეს ეს რთული საქმე გავაგრძელოთ, სწორედ ეს არის. ჩვენ გვაქვს შეხება იმ მდგომარეობებთან, რომელთა მორჩენაც სამწუხაროდ არ შეგვიძლია და ვხვდებით იმ პატარებს, რომლებსაც ვერ ვეხმარებით. მე თუ რამე მახსოვს, მახსოვს ყველა ჩემი პაციენტი, ვისაც ვერ დავეხმარე, იყო ძალიან მძიმე გართულება, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მანკები და ა.შ. ეს დიდი ტრაგედიაა და ამ პაციენტებთან ერთად  ჩემი ნაწილიც ქრება და მიყვება. ამის შემდეგ, რომ ისევ ადგე და გააგრძელო შენი საქმე, ისევ იბრძოლო, დაამარცხო დაავადება და გაიმარჯვო, სწორედ ეს პატარები გვაძლებინებენ, რომლებიც ერთ შვენიერ დღეს შემოაბიჯებენ. წარმოიდგინეთ, ბავშვი, რომელმაც რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა, ყველგან უდგას ზონდები, მილები, კათეტერები და ის ამას არა თუ უძლებს, არამედ მოდის სრულიად გამოჯანმრთელებული, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და ამისთვის ბევრი რამე ღირს ცხოვრებაში.

იაშვილის კლინიკას აქვს იმის ფუფუნება, რომ გვყავს ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი ერთ ჭერქვეშ თავმოყრილი. ჩვენ ერთადერთი კლინიკა ვართ, რომელიც ყველა სირთულის პაციენტს იღებს, რა თქმა უნდა ყოველთვის არ ვართ გამარჯვებულები და მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკვხნის, რომ მხოლოდ საუკეთესო შედეგები აქვს. მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი პატარა გადაგვირჩენია იმ ექიმების, მედდების დახმარებით, რომლებიც ერთ გუნდში ვართ. მხოლოდ გუნდური მუშაობით ვიღებთ იმ შედეგს, რასაც ვიღებთ. ოთხი წელი ხდება, რაც ამ ქვეყანაში დავბრუნდი და მაქვს ფუფუნება ვმართო ასეთი სირთულის ბავშვები მხოლოდ ამ ადამიანების დახმარებით.

ბევრი სასწაულებრივი ისტორია უკავშირდება თქვენს დეპარტამენტს…

ვერ ვიტყვი, რომ ერთადერთი ცენტრი ვართ, სადაც 750 გრამიანი ბავშვი გადავარჩინეთ. რამდენიმე წლის წინ ეს საქართველოში წარმოუდგენელი იყო, რაც უფრო წინ წავიდა დარგი და რაც უფრო მეტი ცოდნა დაგროვდა ამ კუთხით, ეს შედეგებშიც აისახა. საზოგადოებამ გაიგო 600 გრამიანი პატარას ამბავი. მის დედიკოს მძიმე პრეეკლამსია ჰქონდა და 30 კვირაზე შეწყვიტეს ორსულობა, ნაყოფი კი წარმოუდგენლად მცირე ზომის იყო, უკიდურესად იყო ჩამორჩენილი ზრდა განვითარებაში. შედარებით განვითარებული იყო ტვინი და ფილტვი. ეს ფაქტი ჩვენთვის იმიტომ იყო ემოციური, რომ არ იცით რა სირთულეები გადავიტანეთ ყველამ ერთად და პირველ რიგში პატარამ, რომ მას თუნდაც საკვების მიღება შეძლებოდა. ინტრავენურ კვებაზე იყო ხაგრძლივად და როდესაც ის დღე დადგა, როდესაც ორ კილოგრამს გადააჭარბა და მზად იყო, რომ სახლში წასულიყო… ეს საოცარი დღე იყო… ძალიან გმირულად იტანდა მისი დედიკოც ჩვენგან ყველანაირ ინფორმაციას. როდესაც ის ისევ ვნახე, ვერ აგიწერთ ამ შეგრძნებას. იყო კიდევ ერთი, 750 გრამიანი ახალშობილი. მას დედიკო დიდი ხანი ელოდებოდა, ეს მოლოდინი ნაადრევი მშობიარობით დასრულდა და ეს მისთვის ძალიან დიდი სტრესი და ტკივილი იყო. ყველა ბავშვს ზოგჯერ ერთნაირად უკეთებ ყველაფერს, ზოგიერთი მათგანი სრულად გამოჯანმრთელდება, ზოგიერთი კი არა…

რა რეკომენდაციებს მისცემდით ჩვილების მშობლებს?

მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვს ჩატარებული ჰქონდეს ყველა ის აუცილებელი კვლვევა, რაც წინასწარ ადგენს ამა თუ იმ პრობლემას. ის ახალშობილები, რომლებიც ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიდან ეწერებიან და არ აქვთ ჩატარებული სმენის სკრინგი, აუცილებლად უნდა ჩაატარონ, რადგან შემდგომი ნორმალური ფსიქომოტორული განვითარებისთვის და მეტყველების განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები, რომლებიც დღენაკლულები არიან, დღენაკლულთა რეტინოპათიის რისკის წინაშე არიან, ანუ მათი მხედველობა დიდი რისკის ქვეშ დგას, მათ სჭირდებათ მეთვალყურეობა. ბავშვები, რომელებიც გადიან ბინაზე, ჩემი რეკომენდაციაა, კვებოს ის ბუნებრივად დედამ, თუმცა თუ ის ვერ ახერხებს ამას, ხელოვნური ნარევი სპეციალისტმა შეურჩიოს.

როდესაც ახალშობილია ოჯახში, არაფრით არ შეიძლება, რომ იქ ვინმე ეწეოდეს, ეს განსაკუთრებით მავნებელია ახალშობილისთვის. აივანზე თუ მოწევთ, არაფერს არ ცვლის ეს, რადგან სამოსი გაჟღენთილი გაქვთ თამბაქოს სუნით. თუკი პატარს გაზები აქვს, ნუ აწვალებთ მის უკანა ტანს თერმომეტრებით, გაზგამყვანი მილებით… უნდა იცოდეთ, სწორად როგორ დაიჭიროთ ბოთლი, ბავშვი, რა ტემპერატურაში უნდა გაიყვანოთ ბავშვი ჰაერზე, აუცილებელი რეკომენდაციაა D ვიტამის მოხმარება. ჩემი თხოვნა იქნება, მეზობლის, ნათეასავის რჩევით ნუ მისცემთ ბავშვს მედიკამენტს, ან საკვებს, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები