LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მაისს საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად: მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

120

სპორტული ღონისძიება წელს Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

მსოფლიო რბენა – მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება 7 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება. კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად პირველი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დარეგისტრირდა. გარბენში მინისტრთან ერთად დარეგისტრირდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც საქართველოში Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩია.

მონაწილეების რეგისტრაცია 21 მარტს დაიწყო ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com და 4 მაისს, 15:00 საათზე დასრულდება.
საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. შეგროვებული თანხა Wings for Life-ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით გადაირიცხება. მსოფლიო რბენა – 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება.

ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს, მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა”, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა” მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან გაკონტროლდება.

ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის. ისინი მსოფლიო რბენის პროექტს ხალხის ყურადღების მიპყრობაში ეხმარებიან.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი), ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, კალათბურთელები კოტე ტუღუში და რეზი როგავა, მრბოლელი მევლუდ მელაძე, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, პარალიმპიელი ირმა ხეცურიანი, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, მოყვარული მორბენლები თამარ გელაშვილი და გიგა ძულიაშვილი. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი არა მარტო სპორტსმენები. კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები აჩიკო გულედანი და ელენე კალანდაძე, ქირურგი და გადაცემა „ექიმები”-ს ის წამყვანი ლევან ხარაშვილი, ცნობილი სახეები ნიკა გრიგოლია, ქეთი ხატიაშვილი, დავით ქაცარავა, ირაკლი კაკაბაძე, ნინუცა მაყაშვილი, რუსკა მაყაშვილი, მანიკა ასათიანი, მარიამ სანოგო, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი.
რამდენიმე ფაქტი 2016 წლის მსოფლიო რბენის შესახებ საქართველოში:

  • 2016 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართვლოში 6000-მდე მონაწილე დარეგისტრირდა.
  • 2016 წელს საქართველოს რბენის გამარჯვებულები გახდნენ ლივიუ კროიტორუ მოლდოვადან და იანა ხმელევა რუსეთიდან.
  • ფინიშის მანქანის მძღოლი იყო ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე – საქართველოში ყველაზე სწრაფი მრბოლელი ყველაზე ნელი მანქანის საჭესთან.
  • რბენის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები