LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 სხვადასხვა შენიშვნა საპენსიო რეფორმაზე – რას ფიქრობს ბიზნესი

75

ჩვენ ყველას გვინდა, რომ ლარი იყოს სტაბილური ვალუტა, – ამის შესახებ “საქართველოს ბიზნესასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“წელს ყველა ვგრძნობთ, რომ შიდასავალუტო ბაზარზე მოხდა კურსის სტაბილიზაცია. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები არავის მოგვწონს, მაგრამ კარგია, რომ ბოლო ორ დღეში ლარის გამყარების პროცესი დაიწყო. ძალიან კარგი იქნება თუ ეს გაგრძელდება ნებისმიერი ადამიანისთვის და კომპანიისთვის ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ფხაკაძემ.

ბიზნესმენმა ახალ საპენსიო რეფორმაზეც ისაუბრა. ”თითოეული ჩვენგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის პენსიაზე და ჩვენ გვინდა გვქონდეს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება ნებისმიერი ჩვენგანის შემთხვევაში”, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ბიზნესასოციაციაში შეხვედრა გაიმართა. “ეს არის უკვე მესამე მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში საპენსიო რეფორმა განხორციელდეს. პირველი იყო 90-იან წლებში, მეორე მცდელობა იყო 2011 წელს და მესამე – ახლაა. ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც მომგებიანი და კარგი იქნება ამ სქემაში ჩართული მხარეებისთვის”, – განაცხადა ფხაკაძემ. მისივე თქმით, “საქართველოს ბინზესასოციაციის” წარმომადგენლებმა დღესაც დააყენეს 7 სხვადასხვა შენიშვნა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის მათი გათვალისწინების მზაობა.

“ის, რომ ამ რეფორმასთან დაკავშირებით განხილვის პროცესი ტრანსფარენტულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ფხაკაძემ.

რაც შეეხება შენიშვნებს, სოსო ფხაკაძის თქმით, ეს ეხებოდა იმ საკითხებს, თუ როგორ დაინიშნებიან საინვესტიციო საბჭოს წევრები, როგორ მოხდება თანხების განკარგვა და ა.შ.

ფხაკაძის თქმით, ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს. “ძირითადი თანხების ინვესტირება მოხდება ქვეყნის შიგნით, თუმცა საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება საინვესტიციო საბჭოზე და თუ ქვეყანაში ამოიწურება ის აქტივები, სადაც შესაძლებელი იქნება თანხების ინვესტირება, შეიძლება თანხის გარკვეული ნაწილი განთავსდეს უცხოეთში სხვადასხვა ფონდებსა და აქციებში”, – განაცხადა ფხაკაძემ იმ კითხვის საპასუხოდ თუ სად უნდა მოხდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის ინვესტირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები